თამთა ჩაჩანიძე
(13.01.2022)

ქვეყანაში ომიკრონის გავრცელება თანდათან უფრო ფართო მასშტაბებს იღებს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამის მიუხედავად მოსახლეობა რეკომენდაციებს სულ უფრო აღარ იცავს. ეს ყველაფერი კი, მათი თქმით, გამოიწვევს იმას, რომ ახალი აფრიკული შტამი ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით გაძლიერდება და ლეტალობაც და მძიმე შემთხვევებიც გაიზრდება.

„ცირკულაციაში ომიკრონის რაოდენობა უკვე 45%-დან ზემოთ მიდის და ჩვენი გათვლებით ამ კვირის ბოლოს შემთხვევების 60%-მდე იქნება დადებითი. ჩავთვალეთ, რომ რაც ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს - 1009 შემთხვევა, იმის 16% რეინფიცირებაა. დღეს დადასტურებულ 5000 შემთხვევაში ომიკონს ვანგარიშობთ 45%-ს. 5000-დან ყველა შემთხვევა ომიკრონი არ არის „დელტაც" არის", - განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ომიკრონი აცრილებში მიდის ბევრად იოლად, ბუსტერი ნამდვილად მუშაობს.

„შემთხვევათა უმრავლესობა მოდის თბილისზე - დაახლოებით 61%. ომიკრონის შესწავლილი შემთხვევების 12% იმერეთზე, 6,5% აჭარაზე, 3% კი ქვემო ქართლზე მოდის. ასევე, ომიკრონთან მიმართებაში მნიშვნელოვანია, რომ 1009 შემთხვევიდან 14 შემთხვევაში მოხდა ჰოსპიტალიზაცია, საიდანაც 12-მა უკვე დატოვა კლინიკა, 12-დან ინტენსიური და რეანიმაციული დახმარება არცერთს დასჭირვებია. ჰოსპიტალიზებულებიდან ერთი იყო 37 კვირის ორსული, რომელიც ასევე გაეწერა ნორმალურ მდგომარეობაში. 1009 შემთხვევიდან 92 არის 18 წლამდე ბავშვი და მოზარდი. აღნიშნული 92 ბავშვიდან 16 არის 5 წლამდე ასაკის.

„საერთაშორისო მონაცემებით დელტასთან შედარებით ომიკრონის ინკუბაციის პერიოდი მცირეა და შემცირებულია ჰოსპიტალიზაციაც. ომიკრონი აცრილებში მიდის ბევრად იოლად, ბუსტერი ნამდვილად მუშაობს, ამიტომ ბუსტერიზაცია ერთ-ერთი მთავარი დამცველი საშუალებაა. შედარებით უფრო მეტად ინფიცირდება ახალგაზრდა თაობას, რადგან ისინი უფრო მობილურები არიან. ახლა ჩვენთან შემთხვევების უმრავლესობა პირდაპირ სამთო-სათხილამურო კურორტებიდან დაბრუნებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული," - განაცხადა გამყრელიძემ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსტან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ვირუსი რაც უფრო ფართოდ ვრცელდება მით უფრო ძლიერდება, ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ რეკომენდაციების უგულებელყოფის და აუცრელობის პირობებში ომიკრონიც გაძლიერდეს და ქვეყანამ სავალალო შედეგები მიიღოს.

„მძიმე შემთხვევები უფრო მეტი იქნება და შესაბამისად სიკვდილიანობაც გაიზრდება. რაც უფრო მეტი ადამიანი მისცემს თავს უფლებას, რომ არ აიცრას და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრეისით თავი არ დაიცვას, ის ნებისმიერი შტამისთვის კარგი სამიზნე ხდება. ომიკრონს ისედაც გადამდებლობის დიდი უნარი აქვს.

„დელტა შტამიც თავიდან თითქოს მსუბუქად მიმდინარეობდა, მერე ბავშვებსაც მოედო და შემთხვევების რაოდენობაც გაიზრდა. მოსახლეობამ ვერ შეიგნო ის, რომ ესაა ინფექციური დაავადება და პირველ რიგში გადაცემის ჯაჭვი უნდა ჩავკეტოთ და ინფექციის წყაროსგან თავი დავიცვათ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიმარჯვებთ, თორე ეს არასდროს არ დამთავრება. საზოგადოებაში საუბარია, რომ აცრა ადამიანს ომიკრონისგან 100%-ით არ იცავსო. ყველაზე დიდი უბედურება იმაშია და ამ ხალხმა ვერ გაიგო ის, რომ 100%-იანი დაცვა არც ყოფილა, მაგრამ აცრა იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან. ვინც დაიღუპა აუცრელი იყო.

„ფაქტია, რომ დღეს თუ ლეტალობა 30-დან 40-მდე მერყეობს, თუ დღიური შემთხვევები 60 ათასამდე ავა, ინფიცირება ალბათ უკვე ასს გადააჭარბებს. ერთი პატარა ქვეყანა ვართ და თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია. კოვიდმა საზოგადოების საუკეთესო ნაწილი წაიყვანა, ხელოვანები, მწერლები, პოეტები, ახალგაზრდები, სამწუხაროდ ბავშვებიც, ამიტომ თითოეულმა ჩვენთანმა ეს თავიდან უნდა ავიცილოთ, მე არ დამემართებას ძახილში ამდენი ადამიანი კვე გავისტუმრეთ.

„როცა რაოდენობა იმატებს, იმატებს ლეტალობაც.ხალხმა რომ რეალობა დაინახოს, რეპორტაჟები უნდა გაკეთდეს იმაზე, კლინიკებში რა მდგომარეობააა, პაციენტები და ექიმები ძალიან იტანჯებიან, ამისი შიში როგორ არ არსებობს? ერთი პატარა პირბადის გაკეთება არ უნდათ, მესმის, რომ ზოგზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ სხვა გზა არაა," - განაცხადა ხმალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე