თეონა ვეშაგური
(08.01.2022)

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის" შემთხვევების მატებასთან ერთად, გასულ წელთან შედარებით, გრიპის მომატებული რაოდენობაც ფიქსირდება. შესაბამისად, სპეციალისტები ორმაგი ეპიდემიის პრობლემაზე ალაპარაკდნენ და მიიჩნევენ, რომ ამან არსებული ეპიდმდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გააუარესოს. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი კორონავირუსთან ერთად ჩვეულებრივი სეზონური გრიპითაც დაინფიცირდა და რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევები?

როგორც თსსუ-ს პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოში გრიპის 15 შემთხვევაა დაფიქსირებული აქედან 3 ბავშვია.

„გრიპის და გრიპისმაგვარი შემთხვევების დეტალური მონიტორინგი საქართველოში საყრდენ ბაზებზე ხორციელდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ზუსტი ინფორმაცია აქვს, თუ რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, გრიპის გარდა რა სახის ვირუსები აღინიშნება.

„ის მონაცემები, რომელიც 2021-2022 წლის სეზონზეა, მიუთითებს, რომ გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები წელს გაცილებით მეტია, ვიდრე გასულ წელს. გასულ წელს მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, წელს კი 15 არის.

„გრიპის შემთხვევები კიდევ დაფიქსირდება იანვარშიც, ვინაიდან, სტატისტიკის მიხედვით, დეკემბერ-იანვარში გრიპის და მსგავსი ვირუსული ინფექციების მატების პიკია. გრიპის სეზონი მარტის ბოლომდე გრძელდება. თუმცა, ჩვენ არ ველოდებით გრიპის ვირუსების მკვეთრ მატებას. მოსალოდნელია, რომ დაფიქსირდეს გრიპით და კორონავირუსით ერთდროული ინფიცირებაც, ამ მხრივ წლევანდელი წელი შესაძლოა, გამორჩეული იყოს, ვიდრე გასული წელი", - განმარტავს ჩხაიძე.

მისი ინფორმაციით, პანდემიამდე საქარტველოში გრიპის ვირუსი ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ფიქსირდებოდა, გასულ წელს კი ასეთი მხოლოდ 2 შემთხვევა იყო, რადგან კოვიდპანდემიის გამო ლოქდაუნი გამოცხადდა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვა დაევალა. წელს გრიპის შემთხვევა გასულ წელთან შედარებით მეტია.

„იაშვილის კლინიკაში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საყრდენ ბაზას წარმოადგენს, 2018-2019 წლის სეზონზე, მარტო 1 კვირის განმავლობაში ფიქსირდებოდა 15-20 შემთხვევა. ახლა მთელ ქვეყანაში დაფიქსირებულია 15 შემთხვევა. საუბარი, რომ წელს საქართველოში გრიპის ეპიდემიაა და გრიპის შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა არასწორია. გასულ წელთან შედარებით არის შემთხვევების მატება, რაც ადვილი ასახსნელია - გასულ წელს ზამთრის სეზონზე კარანტინი, ლოქდაუნი და ნიღბების ტარების ვალდებულება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იყო, რაც გრიპის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა", - განაცხადა ჩხაიძემ.

აღნიშნულზე განმარტება გააკეთა

ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ორმაგ ეპიდემიაზე უფრო მეტად საყურადღებოა კორონავირუსის ახალი შტამი და მისი გავრცელების ტემპები.

„რა თქმა უნდა საყურადღებოა ორმაგი ეპიდემიის პრობლემა, მაგრამ ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ კოვიდთან დაკავშირებული ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ მოიმატებს, რადგან „ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევები 3-4 ჯერ გაიზრდება, ვიდრე ეს იყო წინა წლებში. ახალი შტამი ბევრად ინფექციურია უკვევე არსებულ შტამებთან შედარებით და მიუხედავად იმისა, რომ ჰოსპიტალიზაციის ნაკლები რისკები ახასიათებს, თუ 4-ჯერ მაინც მოიმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, 2-ჯერ გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. მარტივი არითმეტიკაა და ამ ეტაპზე სწორედ ეს გვადარდებს.

„ხოლო იმისათვის, რომ ჰოსპიტალიზაციის რისკები იყოს ნაკლები აუცილებელია ვაქცინაცია, განსაკუთრებით კი 60 წელს გადაცილებული პირების, რათა არ მოხდეს ისეთი შემთხვევების ტრაგიკულად დამთავრება რომელისაც თავისუფლად მოევლებოდა სამედიცინო სექტორი რომ არ ყოფილიყო გადატვირთული.

„რაც შეეხება გრიპისა და კორონავირუსით ერთდროულად ინფიცირების შემთხვევებს, იყო ასეთი რამდენიმე შემთხვევა. ერთი ნამდვილად ვიცი და ალბათ დანარჩენიც იქნება. ზოგადად, რა თქმა უნდა, რთულია ორი ვირუსით ერთდროულად დაინფიცირება. ამ დროს მძიმედ მიმდინარეობს მკურნალობის პროცესი, მაგრამ ეს არის იშვიათი შემთხვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ მომენტში აქტუალურია ის საკითხი, რომ ადამიანები მაქსიმალურად აიცრან იგივე ბუსტერ დოზით, რათა არ მოხდეს სამედიცინო სფეროს გადატვირთვა, რაც შემდეგ ლეტალობის შემთხვევებზეც აისახება", - განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე