ელზა პაპოშვილი
(04.01.2022)

საკუთარი ტყუპი ძმის მკვლელობაში ბრალდებულ ვანო კუცარაშვილს  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება 31 წლის მამაკაცს ძმის განზრახ დამამძიმებელ გარემოში მკვლლეობას ედავება. საზარელი ტრაგედია შიდა ქართთლში ბედობის დღეს ტარიალდა. ამბავს ტრაგიკულს კიდევ ის ფაქტი ხდის, რომ მკვლელობის თვითმხილველი ტყუპების დედა გახდა. ახლა კი გამოძიება არკვევს, რის გამო მოხდა ძმებს შორის სისხლიანი ანგარიშსწორება და რატომ ჩაარტყა ახალგაზრდა მამაკაცმა საკუითარე ტყუპისცალს სამზარეულოს დანა.

შემთხვევა გორის რაიონის ახალსოფელში მოხდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ ძმებს შორის დაპირისპირება საახალწლო სუფრასთან მოხდა, რომელიც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. მათთან ერთად ფაქტს დედა და მეზობელი შეესწრო, რომელიც ძმებთან სტუმრად იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სხეეულის რამდენიმე ადგილას აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მედიკოსების ინფორმაციით, მას  მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების მიზეზი კი ღვიძლის დაზიანება და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა გახდა. სამართალდამცველებს ბრალდებული სახლში დახვდათ და ის მომხდარით შოკირებული იყო. 

„ძალიან გაკვირვებულები ვართ, რადგანაც ცუდი ძმობა არ ჰქონდათ. არასდროს არც კონფლიქტი და ან  სხვა რაიმე დაპირისპირება მათ შორის არ გაგვიგია. ჩვენთვისაც ძალიან მოულოდნელი ფაქტი იყო. სუფრასთან მსხდარან და სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში ჩხუბი მოსვლიათ. ერთად შრომობდნენ და სულ ერთად იყვნენ. ძირითადად მშენებლობაზე მუშაობდნენ. 

„მამა სახლში არ იყო, რადგანაც ონკოლოგიური პაციენტია და საავადმყოფოში წევს. 5 და ძმანი არიან. ძალიან კარგი ოჯახი. ცუდს ვერაფერს ვიტყვით. სახლში დედა ყოფილა და მის თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. რა ვერ გაიყვეს, არ ვიცით. არაფერზე დავობდნენ. 

„ის, რომელიც მოკვდა, უფრო ჭკვიანი  და აქტიური იყო. მთელს ოჯახს ის უძღვებოდა. ეს, რომელიც დააკავეს, ძირითადად ამ გარდაცვლილზე იყო დამოკიდებული. ჩვენ მაინც სიმთვრალეს ვაბრალებთ. ისე ჩუმად მოხდა ყველაფერი, მეზობლებმაც კი ვერაფერი გავიგეთ. ჩხუბის ხმა რომ გაგვეგო, გავაშველებდით მაინც. ჩვენც შოკირებულები ვართ. ერთი მეზობელი იყო სტუმრად და ამ ფაქტის თვითმხილველი ისიც არის“, - უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი. 

ახალგაზრდა მამაკაცს გორის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდების მხარის მოტივი არასწორია, რადგანაც ძმებს შორის მანამდე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და შურისძიებას ადგილი ვერ ექნებოდა. დაკავებულის ადვოკატი, რომელიც სახაზინო წესით ჰყავს დანიშნული, ამბობს, რომ ეს არ არის განზრახ ჩადენილი მკვლელობა და მანამდე ძმებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

ადვოკატი ამბობს, რომ ძმას ძმის მოკვლა არ სურდა. ისინი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის ყოფით ნიადაგზე შელაპარაკება მოხდა. მან ძმას დანა მხოლოდ ერთხელ დაარტყა და როცა გაათვითცნობიერა რა ჩაიდინა, ამის შემდეგ მის დახმარებას თავად ცდილობდა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ამის მოწმეებიც არსებობენ და განზრახ მკვლლეობა მას არ ჩაუდენია. 

„როდესაც პროკურორმა მისი პატიმრობა მოითხოვა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ფაქტს დაეთანხმა. მისთვის უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა პატიმრობაში იქნებოდა თუ გარეთ. ის ჩადენილ დანაშაულს ძალიან განიცდის და ამბობს, რომ ძმის მკვლელობა არ სურდა. მათ შორის დაპირისპირება არ არსებობდა და ეს დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ჩაიდინა. პირიქით, არსებობენ მოწმეები და ეს სისხლის სამართლის საქმეშიც ჩანს, რომ როდესაც მან გაათვიცნობიერა რა ჩაიდინა, ძმის გადარჩენას  და შველას ითხოვდა“, - აცხადებს ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე