ია აბულაშვილი
(23.08.2020)

ევროპაში კორონავირუსთან დაკავშირებულმა ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ იმ მაჩვენებელს მიაღწია, რომელიც ეპიდემიის პიკის დროს - აპრილში ფიქსირდებოდა. სპეციალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ღიად საუბრობს ეპიდემიის მეორე ტალღის დაწყებასა და უკვე გაუქმებული ზოგიერთი შეზღუდვის ხელახლა ამოქმედებაზე. რა ელის ასეთ ვითარებაში საქართველოს და როგორია ეპიდემიოლოგების პროგნოზი?

ესპანეთში ივნისის ბოლოს დღეში საშუალოდ ინფიცირების 100 შემთხვევა ფიქსირდებოდა. მას შემდეგ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა მატულობს და პიკს გასულ კვირას მიაღწია, როდესაც ზედიზედ 3 დღის განმავლობაში 3000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ყველაზე ბევრი შემთხვევა პარასკევს იყო - 3650.

სამხრეთ კორეაში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ტესტირებით ახერხებდნენ პანდემიის შეჩერებას, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ზედიზედ, აღმოჩენილი იქნა 300 ახალი შემთხვევა.

ყველაზე რთული ვითარება ისევ იტალიაშია, სადაც, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1071 ახალი შემთხვევა  დარეგისტრირდა, რომში - 215, ლომბარდიაში - 185, ვენეციაში - 160. რომში ეს ინფექციის გავრცელების ახალი რეკორდია. მანამდე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქ პანდემიის პიკის დროს დაფიქსირდა - 208 ახალი შემთხვევა 28 მარტს.

ასეთ რეკორდულ მაჩვენებელს ექიმები იტალიელების შვებულებიდან დაბრუნებას უკავშირებენ.

გერმანიაში 24 საათის განმავლობაში აღმოჩენილი იქნა ინიცირებულთა 2034 ახალი შემთხვევა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი აპრილის მეორე ნახევრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

გერმანიამ, ვირუსის გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით, ბრიუსელი რისკის ზონად გამოაცხადა, რადგან ბოლო 7 დღის განმავლობაში იქ დარეგისტრირებული იქნა 50 ახალი შემთხვევა.

საფრანგეთში 24 საათის განმავლობაში დარეგისტრირდა კორონავირუსის 4586 ახალი შემთხვევა. ამ დროისათვის საფრანგეთის საავადმყოფოებში 4745 პაციენტი მკურნალობს, რეანიმაციაში იმყოფება 380 ადამიანი.

ეპიდემია პიკს აღწევს შევიცარიაში, სადაც გასულ კვირას ორჯერ დაფიქსირდა დღეში 300 ახალ შემთხვევაზე მეტი, რაც აპრილის შუა რიცხვების შემდეგ არ მომხდარა.

კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დარეგისტრირდა ნიდერლანდებშიც, დაახლოებით, 535 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი.

რაც შეხება ბელგიას, ევროპის კორონავირუსის რუკაზე ბელგია სრულად მუქი სტაფილოსფერი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ფლანდრიისა და ბრიუსელის შედეგ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში დარეგისტრირებული იქნა კოვიდ-19-ის 60 ახალი შემთხვევა საშუალოდ 100 ათას მოსახლეზე.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიულად დადასტურებულია სულ 1 411 შემთხვევა, აქედან 17 - ახალი. როგორც „მთელ კვირასთან" ინფექციონისტი მარინა ენდელაძე აცხადებს, სავარაუდოდ, ინფექციის მატება იქნება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ევროპის ქვეყნებშია.

„მეორე ტალღაზე ჩვენ სულ ვლაპარაკობთ, მაგრამ წინასწარ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. სავარაუდოდ, კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორიც ევროპის ქვეყნებშია. ვფიქრობ, ასეთი მასშტაბი საქართველოში არ იქნება, რადგან, პრევენციის მიზნით, ზომების გატარება სასწრაფოდ ხდება“, - განაცხადა „მთელ კვირასთან“ მარინა ენდელაძემ.

ჩაწერა სახელი
!!! (23.08.2020)
მარტო ჯარიმების შემოღება რას უშველის,ნახეთ რამდენი მგზავრობს მეტროში პირბადის არეშე.ვაგონში შესვლამდე და ვაგონიდან გამოსვლისას უკეთიათ,მაგრამ ვაგონში თავის ნებაზე არიან მიშვებული.80%-ს კი დახურულ პირზე აქვს პირბადე აფარებული და არა დაუცველ ცხვირზე.ასეთ შემთხვევაში პირბადის ტარება აზრს კარგავს.