მარიამ ნებულიშვილი
(14.08.2020)

რუსეთში გამოკითხულ მედიკოთა უმეტესობა ამბობს, რომ ისინი არ გააკეთებენ აცრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო იმ ვაქცინით, რომელიც რუსეთის გამალეის ცენტრში შექმნეს. ამ გამოკითხვაში 3000-ზე მეტი ექიმი მონაწილეობდა და მათი 52% ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინას, 24.5% კი- თანახმაა მის გამოყენებაზე.

შეკითხვაზე, თუ რა არის იმის მიზეზი, რომ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ დარეგისტრირებულ ვაქცინას არ ენოდბიან, 66% ამბობს, რომ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია არსებობს, ხოლო 48% გაკვირვებულია იმით, თუ როგორ მოხდა ასეთ მცირე დროში ეფექტური ვაქცინის შექმნა.

გამოკითხულთა მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ამ ვაქცინას პაციენტებთან, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან რეკომენდაციას გაუწევენ.

„სწრაფად გაკეთებული ვაქცინა ნონსენსია. არ შეიძლება ვაქცინა ასე მალე მიიღო. საქმე ისაა, რომ ჯერ უნდა მოხდეს ვაქცინის სწორად შექმნა, პროცესი უნდა იყოს იმ დროში ჩასმული, რაც საჭიროა და შემდეგ უნდა მოხდეს მისი სწორად გამოკვლვეა - გამოცდა ჯერ ცხოველებზე, შემდეგ ადამიანებზე, ლაბორატორიული და ბიოქმიური კვლევები და ა.შ.", - აცხადებს ინფექციონისტი ირეკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, მსგავსი შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგანაც რუსული ვაქცინა ძალიან მცირე დროში შეიქმნა და ძალიან ბევრ შეკითხვას აჩენს.

„ვაქცინა - ეს არ არის წამალი. ვაქცინა არის ნივთიერება, უცხო ცილა, რომელიც ორგანიზმში უნდა იწვევდეს იმუნური რეაქციების გააქტიურებას და შესაბამისად, თუ სწორად არ არის დამზადებული, თუ ანტიგენური სტრუქტურა ზუსტად არ ემთხვევა იმას, რაც საჭიროა, შეიძლება ვაქცინამ არ გამოიწვიოს ის შედეგი რაც ჩვენ გვჭირდება - ანუ იმუნური სისტემის მობილიზება.

„ან პირიქით - უარესიც კი აღმოჩნდეს. თუ ის დასუსტებული ვირუსისგან კეთდება, შეიძლება დაავადება თვითონ გამოიწვიოს. ამასთანავე, უცხო ცილა თუ სწორად არ არის გათვლილი, მან შეიძლება ტვინის ანთება და ენცეფალიტები გამოიწვიოს.

„ამიტომ ექიმებს სრულიად დასაბუთებულად ეშინიათ ვაქცინის გამოყენების, რამეთუ შეიძლება უფრო უარესი შედეგი მიიღონ, ვიდრე სარგებელი. ვაქცინას ავადმყოფს არ უკეთებენ, ვაქცინას ჯანმრრთელ ადამიანს უკეთებენ და არცერთ ექიმს არ აწყობს ჯანმრთელი ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა", - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან".

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც „სპუტნიკ-V" ეწოდება, რუსეთში 11 აგვისტოს ოფიციალურად დარეგისტრირდა. ახლო მომავალში დაგეგმილია მისი გამოყენებით აცრების დაწყება, ხოლო ჩვეულებრივ აფთიქებში მისი ყიდვა 2021 წლის 1 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

ეჭვები რუსული ვაქცინის უსაფგრთხოებასა და ეფექტურობასთან დაკავშირებით მალევე გაჩნდა, რადგან მისი შექმნა ძალიან მოკლე დროში მოხდა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, მას ამ ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაში ეჭვი ეპარება.

„იმედი მაქვს, რუსებმა რეალურად საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს,", - თქვა ფაუჩიმ.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ მურაშკომ კი ფაუჩის საპასუხოდ თქვა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მათ „საკამრისი ცოდნა აქვთ".

„ეს ვაქცინა, როგორც პლატფორმა, საკმაოდ კარგად არის ცნობილი და შესწავლილი. როგორც კლინიკური, ისე პრეკლინიკური კვლევები ტარდება. ეს სინამდვილეში ყველაზე უსაფრთხო გზაა. ჩვენ საკმარისი ცოდნა გვაქვს," - თქვა მურაშკომ.

ჩაწერა სახელი