მარიამ ნებულიშვილი
(13.08.2020)

შესაძლებელია თუ არა, რომ საქონლის ან ფრინველის ხორცი კორონავირუსით იყოს ინფიცირებული? ზოგადად, რამდენად საშიშია ჯანმრთელობისათვის ასეთი კვების პროდუქტები და ზოგადად, როგორ უნდა დავამუშავოთ ხორცი, რათა მინიმუმამდე შევამციროთ კორონავირუსის გადადების რისკები? - ეს კითხვები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჩინეთის ხელისუფლებამ ხუთშაბათს ოფიციალურად დაადასტურა ბრაზილიიდან იმპორტირებულ ქათმის ფრთებში კორონავირუსის არსებობა.

როგორც ექიმ-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, დაინფიცირებული ხორცი საშიშია, მაგრამ ერთეული შემთხვევები ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს.

„ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ კონტაქტური გზებით კორონავირუსი გადადის. ანუ ნებისმიერ ცოცხალ თუ არა ცოცხალ ნივთზე შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში ინფექციამ გაძლოს. ამიტომ, თუ ჩვენ შევეხებით დაინფიცირებულ ხორცს ან ზედაპირს და შემდეგ ის ხელი მოხვდება ჩვენს პირის ღრუში, ლორწოვანზე ან თვალის გარსში, შეიძლება დავინფიცირდეთ. რა თქმა უნდა, ამის თეორიული შანსი არსებობს.

„ხორცის დაინფიცირების ერთეული შემთხვევები ჯერ არაფერს ნიშნავს, მაგრამ დაცვის მექანიზმი აუცილებელია. ჩვენ ნებისმიერ საგანთან თუ ადამიანთან კონტაქტის შემდეგ აუცილებელია ხელები დავიმუშავოთ კარგად და ისინი დამუშავებამდე არ მოვიკიდოთ სახეზე ან ცხვირის და პირის არეში, იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, დაინფიცირების შანსი არსებობს", - ამბობს გოგინავა.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა დავამუშაოვოთ პროდუქტები, რომ მინიმუმამდე შევამციროთ დაინფიცირების რისკები. გოგინავას თქმით, უმჯობესია, თუ ხორცთან მუშაობისას ხელთათმანებს გამოვიყენებთ და თერმულად კარგად დავამუშავებთ.

„ზოგადად, არა მარტო კორონავირუსზე, უმჯობესია, რომ საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით ხორცი შიშველი ხელებით არ დამუშავდეს. ხელთათმანების ჩაცმა აუცილებელია და სანამ საკვებად მივიღებთ პროდუქტს, მანამდე თერმულადაც იყოს დამუშავებული. იმიტომ, რომ თერმულ დამუშავებას ძალიან ბევრი მიკრობი ძალიან ადვილად ემორჩილება, მათ შორის კორონავირუსიც.

„ამიტომაცა, თუ ჩვენ ზოგად წესებს დავიცავთ პროდუქტთან მიმართებაში, ამით კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირების პრევენციას მოვახდენთ, მაშინაც კი, რომც იყოს თეორიული შანსი, რომ რამე დაგვემართოს", - ამბობს ექიმ-ინფქციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან".

სხვადასხვა დროს არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია კორონავირუსით დაინფიცირებულ საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით. უმთავრდესად ინფეცია ხორცში გვხვდება. ბოლოს ასეთი შემთხვევა 13 აგვსტოს დაფიქსირდა. „როიტერსის" ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ შენჯენში იმპრტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსის არსებობა დადასტურდა.

დაავადების კონტროლის ადგილობრივმა ცენტრმა ქათმის ფრთიდან ნიმუში სკრინინგის სტანდარტული პროცედურის ფარგლებში აიღო. ჩინეთი იმპორტირებულ ხორცისა და ზღვის პროდუქტებზე სკრინინგს მას შემდეგ ახორციელებს, რაც ივნისში პეკინში ვირუსი ბაზრობიდან გავრცელდა. გარდა ამისა, ამ მიზეზით, ჩინეთმა იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე პორტებში ივნისიდან სკრინინგის პროცედურა გაამკაცრა.

ქალაქის ჯანდაცვის ხელისუფლებამ ყველა ის პირი გამოიკვლია, რომელსაც, შესაძლოა ქათმის ფრთების აღნიშნულ პარტიასთან რამე კონტაქტი ჰქონოდა. თუმცა, ჯერჯერობით, კორონავირუსი არავის დადასტურებია.

ჩაწერა სახელი