ელზა პაპოშვილი
(04.08.2020)

ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი ბესარიონ ჟვანია, რომელსაც ბიზნესმენ გოგი თოფაძის ვაჟის დაჭრაში ბრალი ედება,  მოსამართლემ  წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარემ 50 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს და არ ამბობს, თავად მან სად და რა ვითარებაში მიიღო ჭრილობები. 

როგორც გოგი თოფაძე ამბობს, ბუსა ჟვანიამ ჭრილობები თავად მიიყენა, რადგანაც დანაშაულს უნდა, რომ თავი აარიდოს. თოფაძე აცხადებს, რომ არავინ არავისთან მოლაპარაკებას არ აპირებს და მან ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს. 

გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება, თუმცა ის გონზე უკვე მოვიდა. ლევან თოფაძეს ფილტვისა და კისრის არეში 4 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, მას ოპერაცია დასჭირდა და მის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად აფასებენ.

 „როგორც ჩანს, ერთ-ერთი ამ სამიდან, იცნობდა იმ კაცს, ვინც ეს ჩაიდინა და დაურეკავს და მოსვლა მინდა მანდო, იმ კაცს, იმ ქალბატონთან რაღაც ძველი, წარსული რაღაცები ჰქონდა. ყვირილისა და ჩხუბის ხმაზე  ჩემი მეუღლე მაღლა ავარდა და დაინახა, რომ სისხლშია ბავშვი, დაიწყო კივილ-წივილი. მაშინ ამოვედით ჩვენ, ის უკვე გაქცეული იყო“, - ამბობს თოფაძე. 

ბუსა ჟვანიას,  როგორც ცნობილი ხდება, თოფაძის დაჭრამდე ორი დღით ადრე, დაპირისპირება ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის სიძესთანაც ჰქონდა. ჟვანიასა და ადვოკატის სიძეს შორის დაპირისპირება კუს ტბაზე რესტორანში მოხდა. 

როგორც ადვოკატი აცხადებს, ბუსა მის სიძეს საქმის გარჩევას სთხოვდა, რის გამოც კოტრიკაძემ მას დაურეკა და უთხრა, რომ კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში ის ამბავს გაასაჯაროებდა. მისივე ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას შვილმა მამაკაცს მაგიდის დატოვება მოსთხოვა, რადგანაც აღნიშნულ ადგილზე დაჯდომა მას სურდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

სასამართლო სხდომაზე კი ბუსა ჟვანიას დედა ნინო ჟვანიაც მივიდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულ მხარესთან სავარაუდო მორიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალდებული ბუსა ჟვანიას დედა ნინო ქადაგიძე-ჟვანია დაზარალებულის ოჯახს ბოდიშს უხდის. ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ აღნიშნა, რომ თავისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა - ასეთი მძიმე ბრალდებით. 

ნინო ჟვანია კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულ მხარესთან სავარაუდო მორიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. 

"ჯერ ეს ერთი, ის მინდა ვთქვა, რომ მთავარი ჩემთვის რაც იყო, რომ ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელადაა და მადლობა ღმერთს. ღმერთს ვევედრები, რომ მალე ფეხზე დადგეს. მეორე არის ის, რომ მინდა ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის და ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა. 

“მესამე მინდა ვთქვა ის, რომ პასუხისმგებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. მიმდინარეობს გამოძიება, ახლა გამოვიხედეთ თვალში იმიტომ, რომ იცით, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით ყველა. 

“მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ეს, რომ დაუმძიმეს ბრალი, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს, მაგრამ არა მგონია, რომ - ასეთს", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ. 

ჩაწერა სახელი