რატომ აღმოჩნდა პროგრამისტის კომპიუტერში მხოლოდ ფოტოები და ვიდეოები
ელზა პაპოშვილი
(04.08.2020)

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი საქმეში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართვას ითხოვს. ოჯახი ამბობს, რომ საქმის ირგვლივ ყოველდღიურად უფრო მეტი ეჭვი უჩნდებათ და განცდა, რომ გამოძიება სპეციალურად იწელება და რაღაცის დამალვას ცდილობენ.

ისინი საქმის ირგვლივ უამრავ უცნაურ დამთხვევაზე საუბრობენ. პირველ რიგში, საეჭვოა ტანსაცმლის გამოცვლის ფაქტი და ის გარემოება, რომ გოგონამ კომპიუტერი სახლიდან არ წაიღო.

მათივე თქმით, უცნაურია, რომ გამოძიებამ სახლიდან არ წაიღო წიგნაკი, სადაც ნომრები და მეილის მისამართებია ჩაწერილი. ასევე ოჯახი ამახვილებს იმაზე ყურადღებას, რომ გოგონას ირგვლივ გარკვეული დეზინფომაციის გავრცელება დაიწყეს, თითქოს მან 13 წლის ასაკში თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრა შეძლო. შეხვედრამდე გაიმართა აქცია და შეკრებილებმა დააანონსეს შიმშილობა იმ შემთხვევაში, თუ FBI არ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში.

რაც შეეხება კომპიუტერს, თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან ამოღებულია 193 896 ზოგადი ფოტო და 480 ვიდეო. ამის შესახებ ჟურნალისტებს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

ადვოკატის თქმით, ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილი პირად კომპიუტერში „18 ივლისის, 10:02-ზეა შესული, მას შემდეგ კი ლეპტოპს არ გაკარებია".

მისივე განმარტებით, „თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერში სოციალური ქსელის, „ფეისბუკისა" და „ინსტაგრამის" აპლიკაციები არ იყო ლოკალურად დაყენებული".

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის კუთვნილი კომპიუტერის სკანირების შედეგების გასაცნობად ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა.

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქმის ირგვლივ, რაც დრო გადის, მით უფრო მეტი ეჭვი ჩნდება. ამის დასტური და მაგალითი უკვე ბევრია. თამაზაშვილი ამბობს, რომ კომიუტერში რომ ყველაფერი წაშლილი იქნებოდა, ამას უკვე ეჭვობდნენ და არ გამორიცხავს, რომ მანქანის შემთხვევაშიც იგივე იყოს.

მას ეს ეჭვი უკვე „ფესბუკ" გვერდის წაშლის შემდეგ გაუჩნდა. ასევე თამარისა და ოჯახის წინააღმდეგ ტროლები გააქტიურდნენ, რომლებიც გარდაცვლილი გოგონას ირგვლივ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

დედა ეჭვობს, რომ გოგონამ გარკვეული ინფორმაცია ფლეშკაზე გადაწერა და ვიღაცას წაუღო. შესაბამისად, კომპიუტერიც ამიტომ აღარ წაიღო. დედა ვარაუდობს, რომ გოგონას იმედი ჰქონდა, რომ ფლეშკის გადაცემის შემდეგ მას თავს დაანებებდნენ.

„თვითონ პოლიციის ტოროლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ვითომ თამარი რაღაც ამბებში იყო გახვეული. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მეზობლებთან დადიოდნენ და ჩვენი ცხოვრების წესის შესახებ კითხულობდნენ. ჩემს ოჯახზე იძიებენ, რა ხდება და იმას არ არკვევენ, ბავშვი ვინ მოკლა.

"საქმის ჩაფარცხვა უნდათ და არცერთი გამომძიებელი არ დაგვკავშირებია. ასეც ვიცოდით, რომ კომიუტერიდან ყველაფერი წაშლილი იქნებოდა. იმავეს ველით ავტომობილთან დაკავშირებითაც და ვფიქრობ, რომ არანაირი დნმ-ს კვალი არ იქნება აღმოჩენილი. რაც დრო გადის, ეჭვი მით უფრო ბევრი ჩნდება.

"გახარიას მხრიდან პრესსამსახურის დონეზეც არავინ შემომეხმიანა. მე უფრო გულიანი კაცი მეგონა და ასე უყურადღებოდ თუ დაგვტოვებდა, არ ველოდი. ამერიკის საელჩოში მითხრეს, რომ ისინი მზად არიან, ყველანაირად დაგვეხმარებიან, ოღონდ საქართველოს პროკურატურიდან ამაზე თანხმობა უნდა მივიღოთო. ვფიქრობ, ჩემს შვილს რაღაც გააკეთებინეს, ინფორმაცია მოაპოვებინეს და შემდეგ მოიშორეს", - ამბობს თამარ ბაჩალიაშვილის დედა.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ, თუ ადვოკატის სიტყვას ვენდობით, გამოდის, ბაჩალიაშვილის სამუშაო კომპიუტერში, ფოტოებისა და ვიდეოების გარდა, არაფერია, საეჭვო გარემოებაა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ სამუშაო ლეპტოპში ის მასალები არ იყოს, რომლებზეც მუშაობ. ალადაშვილი ამბობს, რომ გოგონა ბოლოს ლეპტოპში შესული დილის თერთმეტის ორ წუთზეა.

ამიტომაც ორი ვერსია ჩნდება: ან ყველაფერი მან წაშალა, რათა შესაძლოა, თავის ოჯახს ან ახლობლებს საფრთხე დამუქრებოდათ, ასევე შესაძლოა, მას პიროვნულად ცუდად წარმოაჩენდა; მეორე ვერსიით კი შესაძლოა, მისი კომპიუტერი მკვლელმა გაასუფთავა. ალადაშვილი ამბობს, რომ ფაქტი ერთია, ბაჩალიაშვილი ფოტოგრაფი არ ყოფილა და მის კომპიუტერში სურათების გარდა რომ არაფერია, უკვე საეჭვო გარემოებაა.

„ასეთი ფაქტი წარმოუდენელია. ყველა ვმუშაობთ ლეპტოპში და ჩვენი სამუშაო მასალა ყოველთვის არის. „ვორდში" მუშაობისას „ფეისბუკი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი წყაროა. თუ ასეთი რამ დაფიქსირდა, ორი ვერსია შეიძლება გამოვთქვათ. ბაჩალიაშვილის ბოლო შესვლა ლეპტოპში თერთმეტის ორ წუთზე მოხდა, ამიტომაც გამორიცხული არაა, რომ თავად მას წაეშალა, ხოლო თუ ეს არის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, მაშინ მკვლელებმა ან მკვლელმა წაშალა.

"შესაძლოა, იქ ინახებოდა ის მასალა, რომლის გამოც გოგონა მოიშორეს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მხოლოდ ვარაუდების დონეზე ვართ. საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკამოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს, ის მინიმუმიც არ ვიცით, რაზეც ვალდებულია საგამოძიებო ორგანო, რომ საზოგადოება საქმის კურსში ჩააყენოს", - ამბობს ალადაშვილი „რეზონანსთან".

მისივე თქმით, ის, რომ ამდენი დღე ამ კომპიუტერის გახსნას მოანდომეს და მხოლოდ ვიდეო და ფოტოები აღმოჩნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს. ალადაშვილი ამბობს, რომ აქ უკვე ვერსია, რომ მკვლელობასთან გვაქვს საქმე, უფრო მძლავრობს.

რაც შეეხება პოლიციის მხრიდან მეზობლების გამოკითხვას, ალადაშვილი ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებებია და აქ გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს. მისი თქმით, როდესაც ეჭვი თვითმკვლელობაზე ჩნდება, პირველ რიგში, ჯერ გარდაცვლილის ოჯახის წევრების ირგვლივ ხდება ინფორმაციის მოძიება, შემდეგ - ოჯახზე, საახლობლო და სამეგობრო წრეზე.

ამიტომაც ეს უცნაური ფაქტი არ არის, თუმცა ანალიტიკოსი უცნაურობას იმაში ხედავს, რომ სოცილურ ქსელებში ტროლები და გაურკვეველი ადამიანები გარდაცვლილის ირგვლივ ჭორებისა და მისი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით რატომ არიან დაკავებული.

„კრიმინალური პოლიციის დირექტორის ბრიფინგზე იმის გაჟღერება, რომ გოგონას ფსიქოლოგი ჰყავდა, წამლები იყიდა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროფესიონალიზმია და დიდი შეცდომა იყო. ჯერ ამბავი ახალი მომხდარია და უკვე მიმართულების მიცემა მაღალჩინოსნის მხრიდან ცუდი ფაქტია.

"მეეჭვება და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ საქმეს სერიოზულად მიუდგება, არ შეეცდება არაპროფესიონალიზმისა და სისტემის შეცდომების დაფარვას. ამას ძალიან მძიმე შედეგი მოჰყვება.

"რაც შეეხება ავტომობილს, თუ იქ არანაირი დნმ-ს კვალი არ აღმოჩნდება, მაშინ საქმე პროფესიონალებთან გვაქვს, რომლებიც მას რამდენიმე დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ. ამ შემთხვევაში უკვე საქმე პროფესიონალ მკვლელებთან ან სპეცსამსახურებთან გვაქვს", - ამბობს „რეზონანსთან" ალადაშვილი.

ჩაწერა სახელი