ელზა პაპოშვილი
(02.08.2020)

23 წლის პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ბევრი ახალი გარემოება იკვეთება. გამოძიებამ  ახალი ვიდეოკამერების ჩანაწერების ამოღება დაიწყო და არ არის გამორიცხული, რომ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაული გამოიკვეთოს. როგორც წყარო „მთელ კვირას“ უყვება, გამოძიება ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კვალს მის საქმიანობაში ეძებს და ეჭვი მაინც კომპანია „ზეგის“ მიმართულებით აქვთ. საქმეში ახალი გამოსაკვლევი 50-მდე ვიდეოკამერა ჩნდება. 

ოჯახის ადვვოკატი მიხეილ რამიშვილი კი ამბობს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი  საქმე და ის სერიოზულმა ადამიანებმა  გააფრთხილეს, რომ ამ საქმისგან თავი შორს დაიჭიროს. არ გამორიცხავს, რომ საქმეში შესაძლოა, კონკრეტული მაღალჩინოსნებიც ფიგურირებდნენ, რომელთა შესახებაც ბაჩალიაშვილმა რაღაც კონკრეტული იცოდა. 

პროგრამისტის საქმის ირგვლივ ბევრი ბუნდოვანი გარემოება იკვეთება. ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. ახლა გამოძიების მთავარი საკვლევი ადგილი სოფელ  მაწევარიდან გამოსასვლელი გზაა, სადაც გზაჯვარედინია და იქ ორი კამერაა დამონტაჟებული. ერთი გზა თბილისისკენ მიდის, მეორე კი - საკალმახისკენ. არ არის გამორიცხული, თამარ ბაჩალიაშვილს ამ ტერიტორიაზე ვინმესთან კომუნიკაცია ჰქონოდა. 

მიხეილ რამიშვილი „მთელ კვირასთან“ აცხადებს, რომ გოგონას გადაადგილების ახალი მარშრუტი მათთვის ცნობილი არ იყო და „ტვ პირველზე“ მელაძის გადაცემიდან გახდა ცნობილი. რამიშვილი აცხადებს, რომ როდესაც პარასკევს  კრიმინალური პოლიციის უფროსს  შეხვდა, ამის შემდეგ ჯუმბერ ბაჩალიაშვილთან ერთად სოფელ მაწევარსა და გოლთეთში წავიდნენ. მათი მიზანი იყო, დაედგინათ, რამდენ კამერას შეეძლო თამარის გადაადგილების დაფიქსირება. ამბობს, რომ ახალი განჩინები, 14 სათვალთვალო კამერას კიდევ 50 დაამატებინა. 

„მაწევარი არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ადგილობრივები თამარს  აფიქსირებენ.  როდესაც მაწევარიდან გადიხარ, იქ არის გზაჯვარედინი, სადაც დგას ორი კამერა, ერთი  თბილისისკენ მიმავალ გზას უყურებს, მეორეზე კი დავინახეთ  საკალმახე, სადაც ასევე ვიდეოკამერა დგას.  მე და ბატონმა ჯუმბერმა დავრეკეთ კრიმინალურ პოლიციაში და მოვითხოვეთ, რომ სასწრაფოდ  ამ ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღონ. იქნებ გოგონას საკალმახეში ვინმესთან კომუნიკაცია ჰქონოდა და რაიმე საეჭვო დაინახეს.

კი ბატონო, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ პირდაპირ საზოგადოებას მიაწოდო ინფორმაცია, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი,  იყიდა წამლები და ჰქონდა წერილი, არასწორია. რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ეს თვითმკვლელობა არაა. რაც შეეეხება წერილს, ჯერ ერთი, არაფერი უჩვენებიათ, არაა დადგენილი, მან დაწერა თუ არა ფურცელზე, ანაბარი გამოიყენეთო. არაა მიწერილი, რა ანგარიშებზეა საუბარი. ამიტომაც ამით  წინასწარ მანიპულირება დაუშვებელია“, - ამბობს რამიშვილი. 

რაც შეეხება ტანსაცმლის ეპიზოდს, რომ მას გასვლისას მუქი ზედა ეცვა, ხოლო გარდაცვლილს უკვე თეთრი ტანსაცმელი აცვია, რამიშვილი ამბობს, რომ ესეც დამატებით კითხვებს აჩენს. ავტომობილის დათვალიერებისას ამოიღეს თუ არა გმომძიებლებმა სხვა ტანსაცმელი, მისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

„იმ გარემოში ამდენი დღე მანქანა მდგარიყო, რომ არავის შეემჩნია, დაუშვებელია. იქ იმხელა სივრცე და გარემოა, რომ 5 დღე მანქანა ვიღაცას უნდა ეპოვა. რაც შეეხება ავტომობილში საეჭვო გარემოებებს, არის ბევრი ნიუანსი, რომლეზეც საუბარი საჯაროდ არ მინდა. საეჭვოა ავტომობილის დგომა,  ტრაექტორია  და ბევრი სხვა რამე. რაც შეეხება წამლების მდებარეობას, ძალიან უცნაურია, რომ ადამიანი თავს იკლავ და თან წამლებს, რომლებიც დალიე, ლამაზად უკან, ჩანთაში დებ. ორი სრულიად ცარიელი ფირფიტა კოსმეტიკის ჩანთაში ძალიან აკურატულად იყო ჩალაგებული“, - ამბობს რამიშვილი. 

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გოგონას გარდაცვალება რომელიმე მაღალჩინოსანთანაც იყოს დაკავშირებული. მას ბევრი წყაროდან მიუვიდა გაფრთხილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე. ის საკმაოდ სერიოზულმა ადამიანებმა  გააფრთხილეს და უთხრეს, რომ მთელი მისი ოჯახი შესაძლოა, საფრთხეში აღმოჩნდეს. რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული სისტემის წინაშე დაადგნენ და ეს ჩვეულებრივი საქმე არ არის.  

კრიმინალისტი და ბალესტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი „მთელ კვირასთან’ ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ხელჩასაჭი და საკვანძო მტკიცებულებები მანქანაში, ტელეფონსა და კომპიუტერში უნდა იყოს. მისი თქმით წარმოუდგენელია მანქანის ისე გასუფთავება, რომ იქ რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება არ იყოს. ავტომობილის გადაადგილებითა და მოძრაობის მარშრუტით ბევრი რამის დადგენაა შესაძლებელი.    

ასევე კრიმინალისტებს შეუძლიათ ავტომობილის ნაკვალევის  მიხედვით დაადგინონ, როგორ და როდის შევიდა შემთხვევის ადგილას, შიგნიდან იყო თუ არა ჩაკეტილი, სად იყო გასაღები და ასე შემდეგ. ასევე კრიმინალისტი ამბობს, რომ ტელეფონში შესული ზარები ძალიან ბევრი ინფორმაციის მატარებელი იქნება. გოგონას გადაადგილების  მარშრუტი ასევე ტელეფონის მეშვობითაც შეუძლიათ დაადგინონ. ანძების ამონაწერის მიხედვით ბევრი რამის გარკვევაა შესაძლებელი.  

„ავტომანქანა დიდი ინფორმაციის მატარებელია და მისმა კვლევამ გამოძიება შესაძლოა, საერთოდ სხვა მიმართულებით წაიყვანოს. ადგილზე იყო თუ არა სხვა მანქანა და ავტომობილი არის მიტანილი, ამის დადგენა ძალიან მარტივია. ამას ქსპერტიზა კატეგორიულად და ყველა კითხვის გარეშე იტყვის. რაც კადრებში ნაკვალევი ჩანს, იქ ევაკუატორი ვერაფრით ვერ იქნებოდა. 

მე რასაც ვუყურე, იქ მსგავსი ნაკვალევი ვერაფერი დავინახე. ასევე ექპერტიზა პასუხს გასცემს, ახალია თუ ძველი ნაკვალევი. ანუ იქ ავტომობილი ახალი მიყვანილია თუ იმ დღის განმავლობაში არის მიყვანილი. რაც შეეხება შემთხვევის ადგილას ძაღლების როლს, იქ მოხდებოდა სუნის იდენტიფიცირება. იყო თუ არა გოგონას გარდა ავტომობილში ან  ავტომობილთან სხვა ადამიანის სუნის კვალი. არსებობს ტექნიკური საშულებები, რომ ტელეფონსა და კომპიუტერში წაშლილი ინფორმაციები აღდგეს“, -ამბობს კრიმინალისტი „მთელ კვირასთან“.

რაც შეეხება გოგონას მარშრუტს, რატომ იარა მან მთელი დღის განმავლობაში და ხვდებოდა თუ არა ვინმეს, კრიმინალისტი ამბობს, რომ ეს უკვე კამერების ჩანაწერების გამოკვლევებით შეიძლება გაირკვას. თუმცა ის, რომ გოგონა მთელი დღე სხვადასხვა სოფელში დააფიქსირეს, გამოდის, რომ რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. ალთუნაშვილი ამბობს, რომ ავტომობილს აქვს ნავიგაციის  სისტემა, რომლის შემოწმების შემდეგაც ნათელი გახდება, თამარ ბაჩალიაშვილი რას ეძებდა. მისი საბოლოო ლოკაცია რა იყო.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ავტომობილი დაკეტილი იყო, უბრალოდ იყო მიხურული თუ რა მდგომარეობაში ნახეს. გარედან იყო თუ შიგნიდან ჩაკეტილი, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ავტომობილის ძრავის შემოწმებაც ბევრი ინფორმაციის მატარებელი იქნება. კრიმინალისტი ამბობს, რომ საკმოდ ბევრი სამუშაო აქვს გამოძიებას, ამიტომაც ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დროა საჭირო.  

უსაფრთხოების სპეციალისტი ბესიკ ალადაშვილი „მთელ კვირასთან“ ამბობს, რომ საკმაო დროა გასულ იმისთვის, მობილურების შემავალი და გამავალი ზარები დადგენილიყო. ასევე მობილურის ადგილმდებარეობის ანძების მეშვეობით უკვე უნდა დაედგინათ. არც იმას გამორიცხავს, რომ გამოძიება მოპოვებულ მტკიცებულებებს შეგნებულად მალავს, რათა დამნაშავე დროზე ადრე არ დააფრთხოს. 

მისი აზრით, თუ გამოძიება რაღაცეებს არ ასაჯაროებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სათქმელი არ აქვს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ გამოძიებასა და  ოპერატიულ მუშაობას თავისი წესები აქვს და ის თანმიმდევრულად უნდა მიჰყვეს ყველა დეტალს, რათა მცდარ კვალზე არ დადგეს. თვითმკვლელობის ვერსიის შემოგდება გამოძიების მხრიდან სწორედ ამის მანიშნებელი შეიძლება იყოს, კვალის არევა დამნაშავეებისთვის, რომ ვითომ გამოძიება ამ კონკრეტულ ვერსიას ამუშავებს. 

„არ გამოვრიცხავ, რომ თუ ავტომობილში დნმ-ს კვალი არ აღმოჩნდა და არც გარდაცვლილის თითის ანაბეჭდები, მაშინ მანქანა გასუფთავებელია და საქმე სერიოზულ პროფესიონალებთან გვაქვს. ასევე, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, რომლის კვალმაც სპეცსამსახურებთან მიგვიყვანოს. ზუსტად უცხო ქვეყნის  სპეცსამსახურები მუშაობენ ჯგუფურად. ახლა შევხედოთ, ბაჩალიაშვილის საქმეში რა დეტალები იკვეთება უკვე.

პირველი ის, რომ ის მოძრაობს სხვადასხვა სოფელში და რაღაცას ეძებს; მეორე, მას სახლიდან გასვლისას აცვია სხვა ტანსაცმელი, შემდეგ, გარდაცვლილს - სხვა. ასევე, ავტომობილის დათვალიერებისას ბევრ საეჭვო გარემოებას ნახავდნენ. წამლები, რომლებიც შესაძლოა მას დაელია, რატომ დევს ასე აკურატულად ჩანთაში, ანუ თვითმკვლელი ასე არ იქცევა. შემდეგი საეჭვო გარემოება, მამა ამბობს, რომ ელექტროშოკის  ყიდვა სთხოვა, ანუ საფრთხეს ელოდა. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ბიტკოინების თემას ეხებოდეს ან რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებას. არც ისაა გამორიცხული, რომ ვინმე კერძო პირებთან დაკავშირებული ინფორმაცია ნახა. ბევრი ვერსია შეიძლება გამოიკვეთოს,  რომლებზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს“, - ამბობს ალადაშვილი  „მთელ კვირასთან“.

ჩაწერა სახელი