რეზონანსი
(31.05.2020)

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული პოლონელი ტურისტი ომალოდან თბილისში გადმოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩაწერა სახელი