რეზონანსი
(08.04.2020)

ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, - ამის შესახხებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

დედაქალაქის მერს კითხვით მიმართეს, თუ რატომ არ მოხდა თემქაზე კონკრეტული სადარბაზოს დეზინფექცია კორონავირუსის შემთხვევის დადასტურების შემდეგ.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ქალაქში გზების, ტროტუარების სადეზინფექციო სამუშაოებს ვატარებთ, თუმცა აქაც, მე მგონი, ყველასათვის ცხადია, რომ ყველა ქუჩის, ყველა უბნის დამუშავება ვერ მოხდება, ფიზიკურად შეუძლებელია, ასეთი რამ არ არსებობს. მოხდება მხოლოდ იმ ქუჩების დამუშავება, დაახლოებით, 50-60 ქუჩაზეა საუბარი მთელი ქალაქის მასშტაბით, რომელიც ყველაზე ხალხმრავალია და მეტი ადამიანი სარგებლობს", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თუ რომელიმე კონკრეტულ ლოკაციზე მიმართვა იქნება, თბილისის მერია შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს. კალაძის განცხადებით, თემქის შემთხვევასთან დაკავშირებით მიმართვა არ ყოფილა.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ჩაწერა სახელი