რეზონანსი
(21.10.2019)

 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის. მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მეზობლები, რომლებიც აფეთქების გამო, თავად უსახლკაროდ დარჩნენ, მასზე აუგს არ ამბობენ და ხალხს სთხოვენ, სოსოს გადასარჩენად ილოცონ.

„მთელი კორპუსი ვლოცულობთ, რომ სოსო გადარჩეს. სიცოცხლით სავსე და დაუზარელი ახალგაზრდაა. ჯერ მხოლოდ 39 წლისაა. სულით მდიდარი და ღირსეული პიროვნებაა. მის მშობლებს, მხოლოდ ეგ ერთი ბიჭი ჰყავთ. არ მეგულება სამეზობლოში ერთი ადამიანიც, რომელიც მასზე ნაწყენია. ყველას მარჯვენა ხელია. ჩვენ ცოცხლები ვართ და საკუთარ თავებს აღარ ვჩივით. ახლა სოსოს გადარჩენისთვის ვლოცულობთ.“- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი "პრაიმტაიმთან".  

„უძვირფასესი მშობლები ჰყავს. თვითონ დაუზარელი და მშრომელი ბიჭია. ოღონდ ის გადარჩეს და სხვა არაფერი გვინდა. წესიერი და პატიოსანი ადამიანია. დილით ადრიანად მიდიოდა სამსახურში და შინ გვიან ბრუნდებოდა. ბევრჯერ თავისი საქმე გადადო და მეზობლებს დახმარებია. ახლა მთელ სამეზობლოს მხოლოდ ერთი ოცნება გვაქვს, როგორმე გამოვიდეს მდგომარეობიდან და გადარჩეს. აქამდე კონტაქტური იყო, ახლა დამძიმდა... რა გითხრათ, უკიდურესად მძიმეა მისი მდგომარეობა. ახლა ისღა დაგვრჩენია მისთვის ვილოცოთ. ვთხოვთ საზოგადოებას მოიხსენიონ ლოცვებში განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა“, - ამბობს მეორე მეზობელი.

პრაიმტაიმი

ჩაწერა სახელი