რეზონანსი
(10.10.2019)

  სახალხო დამცვრლმა, ნინო ლომჯარიამ შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება, შალვა თადუმაძემ მიმართოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი კითხვის ნიშანი არსებობს და რადგან ამ კითხვებზე პასუხი საზოგადოებისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა, ალბათ ყველაზე მარტივი და სწორი გამოსავალი იქნება, რომ შალვა თადუმაძემ მიმართოს იმ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც ადგენს დიპლომის ხარისხსა და ნამდვილობას. არსებობს განათლების სამინისტროში სსიპ-ი, არა ერთ პირს აქვს გავლილი ხარისხის კონტროლი და დადასტურებული მისი დიპლომის ნამდვილობა. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ეს აქამდე გაეკეთებინა. დღესაც შესაძლებელია. ვურჩევდი, ხარისხის დადგენის მოთხოვნით სწორედ ამ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მიმართოს.

რამდენიმე შემთხვევა ვნახეთ და ძირითადად, ხარისხის მართვის სააგენტო არ ადასტურებდა დიპლომის ხარისხს იმ კანდიდატების შემთხვევაში, ვინც განიხილა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თუმცა ეს კანდიდატები შემდგომ სასამართლოს გზით ახერხებდნენ დაედასტურებინათ მათი დიპლომის შესაბამისობა მაგისტრის ხარისხთან. ჩვენ ამ პრობლემებზეც ვწერთ ანგარიშში და ვამბობთ, რომ სამწუხაროდ, სასამართლოს გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან სუსტი და არასათანადოდ დასაბუთებული იყო. ამიტომ, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, უფრო მეტად პრობლემებს ვხედავთ სასამართლო ეტაპზე, ვიდრე ხარისხის მართვის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

წყარო: ნიუპოსტი

 

ჩაწერა სახელი