რეზონანსი
(17.06.2019)

 (რეზონანსი) ვერის ბაღში, სადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინდელი შეხვედრის მონაწილეები დღესაც იმყოფებიან, პოლიციის წარმომადგენლები გამოჩნდნენ.

სამართალდამცველები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებს გამოკითხვაზე იბარებენ.

საქმე ეხება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას.

დღეს დღის განმავლობაში "სახალხო ლეგიონში" გაწევრიანების მსურველთა ხელმოწერების შეგროვება, ვერის ბაღში მიმდინარეობდა. შსს-ს წარმომადგენლები უწყების გადასაცემად სწორედ იქ მივიდნენ, თუმცა თავად ფალავანდიშვილები ადგილზე არ იმყოფებიან.

ის პირები, ვინც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად დღეს ვერის ბაღში მივიდნენ ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა „თბილისი პრაიდი" არ ჩატარდეს. მათი მთავარი მიზანია, ბრძოლა გამოუცხადონ ყველას, ვინც იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს ან ლგბტ თემსწარმოადგენს.

შეგახსენებთ, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გუშინ, ვერის ბაღში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება.

ჩაწერა სახელი