რეზონანსი
(15.05.2019)

 (რეზონანსი) "ჩემთვის ძალიან სამწუხარო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ იმართლებდა ადამიანი თავს."- ასე აფასებს მამა ალექსანდრე გალდავა მომღერალ თამარ ჭოხონელიძის მიერ საპატრიარქოს მიმართ გაკეთებულ განცხადებებს. მისი განმარტებით, ჭოხონელიძის ნათქვამი მისი რწმენის ნაკლებობაზე მიუთითებს.

"ძალიან სამწუხაროა ის, რაც მან თქვა. რა თქმა უნდა, ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. უბრალოდ, შეიძლება ცხოვრებაში მეორეჯერ აღარ მოგეცეს შანსი, რომ ღვთის საქმე გააკეთო. ყველას დააკლდება ის არასწორი მოქმედება, რაც შეიძლება ადამიანმა ღვთის წინაშე გააკეთოს. თუ, მორწმუნე ხარ და ამბობ, რომ გწამს შენი დედაეკლესია- მაშინ დაუფიქრებლად არ უნდა გააკეთო განცხადებები. და თუ არ გინდა ეკლესიასთან ყოფნა, მაშინ ეს ალბათ რწმენის ნაკლებობაზე მიუთითებს."- განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.

მისივე განმარტებით, გაუგებარია, რატომ არის 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოცხადება სექსუალური უმცირესობების უფლებების დისკრიმინაცია.

"საპატრიარქომ კი არ დაამთხვია, არამედ საზოგადოებას მოუწოდა სიყვარულისკენ, სითბოსკენ, ოჯახური ფასეულობებისკენ. ხალხში დაგროვილია განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება ამ მოძრაობის ცუდი და დამანგრეველი თვისებების გამო და ეს ენერგია რომ არ მიემართოს მათ საწინააღმდეგოდ- სწორედ ამიტომ დაწესდა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ. დაპირისპირება რომ ყოფილიყო ჩვენი სურვილი პირიქით, არ გამოვაცხადებდით ამ დღეს სიწმინდის დღედ და იქნებოდა დაპირისპირება. ასე რომ, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არის მათ წინააღმდეგ მიმართული თარიღი ეს არ არის სწორი."- აცხადებს მამა ალექსანდრე გალდავა.

ჩაწერა სახელი