რეზონანსი
(09.11.2018)

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ბ.ა. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.ს. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის მინა ჩაამტვრიეს და იარაღის მუქარით ხელჩანთა გაიტაცეს, სადაც, დაახლოებით, 80 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები იდო.

სამართალდამცველებმა გატაცებული სამკაულებისგან გადამდნარი ოქრო და ძვირფასი თვლები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩაწერა სახელი