რეზონანსი
(12.10.2018)

 (რეზონანსი) გორის მეშვიდე სკოლის პირველკლასელი ბიჭის დედა ამტკიცებს, რომ მის შვილზე იძალადეს. შვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ის საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ადანაშაულებს.

მოსწავლის დედა ამბობს, რომ ბავშვზე სკოლის სასწავლო ნაწილმა ფიზიკურად იძალადა და ლამის ხელი მოსტეხა. იგი იმასაც ამბობს, რომ მზია ბერუაშვილმა მას რამდენიმე პედაგოგის თანდასწრებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შვილის წართმევით დაემუქრა.

„გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ვიწერდი დავალებებს, შემოვიდა სასწავლო ნაწილი და ბავშვი შემომიყვანა მაჯაში ხელმოკიდებული, ლამის ხელი მოსტეხა ბავშვს. ამის შემდეგ, მაღალი ტონით და ირონიით მეუბნება, რომ ეს ბავშვი ვისია? მე გავეცი პასუხი და ვუთხარი, რომ მე ვიყავი მისი დედა და რაში იყო საქმე. თურმე ბავშვი ფანჯარაზე ასულა და იქიდან ჩამოუსვია. მე ავუხსენი, რომ ბავშვი არის ჰიპერაქტიური და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევას საჭიროებს და მან მიპასუხა, რომ ბავშვისთვის მე თვითონ მიმეხედა, თუ არადა სოციალურ სამსახურს დაურეკავდა", - ამბობს მშობელი "EDU.ARIS.GE"- თან.

გორის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, მოსწავლის მშობლის პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს. მზია ბერუაშვილი, მშობლის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მას ბავშვზე არ უძალადია და არც მშობლისთვის მიუყენებია შეურაცხყოფა. ბერუაშვილის თქმით, მოსწავლეს ჩადენილი ქმედებებისთვის საყვედური უთხრა და ამის შესახებ კლასის დამრიგებელს მოახსენა.

„შემოვლას ვახორციელებდი პირველ კორპუსში, პირველ კლასს გაკვეთილები დამთავრებული ჰქონდა და ბავშვები მიდიოდნენ სახლებში, მშობლები კი საკლასო ოთახებში იყვნენ, მაგრამ ბავშვების ნაწილი დერეფანში დარბოდა. დავინახე, რომ ერთ-ერთმა ბავშვმა საპირფარეშოს ქაღალდები ჩამოხია, დაასველა და დერეფანში დაყარა მოვკიდე ბავშვს ხელი, დამრიგებელთან შევიყვანე და ვუთხარი მასწავლებელს, რომ მიხედეთ ბავშვს ასეთი ფაქტი ჩაიდინა. რაც შეეხება ჩემგან შეურაცხყოფას, მსგავსი რამ არ ყოფილა", - აცხადებს მზია ბერუაშვილი.

მომხდარზე მოკვლევა ჯერ არ დაუწყია სკოლის ადმინისტრაციას. დირექტორი აცხადებს, რომ მასთან საკითხთან დაკავშირებით მშობელს არ მიუმართავს.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი. დაწესებულებაში ამბობენ, რომ საკითხს შეისწავლიან და დამატებით კომენტარს შემდეგ გააკეთებენ.

 

 

ჩაწერა სახელი