რეზონანსი
(17.04.2018)

 ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში ზუსტად 94 242 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა ნაგავში გადაყარეს. 2017 წლის აპრილიდან 12 თვის განმავლობაში გადაყრილი საკვების რაოდენობისა და ფასების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა.

რატომ არ იზიარებენ ქართული სუპერმარკეტები სხვა ქვეყნების ბიზნესის პრაქტიკას? ევროპის ქვეყნებში ცნობილი ჰიპერმარკეტების დიდი ნაწილი მზა საკვები პროდუქტების ვარგისობის ვადის გასვლამდე სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებენ ან საკვებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს ორგანიზებულად აწვდიან. ამ საკითხზე საქართველოში მოქმედ ჰიპერმარკეტებში კომენტარს არ აკეთებენ.

სავაჭრო ქსელები ნაგავში გადაყრილი საკვები პროდუქტების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს აწვდიან. ამ გზით ისინი სავალდებულო გადასახადს აღარ იხდიან.

რა ოდენობის მზა საკვები პროდუქტი ნადგურდება მსხვილ სუპერმარკეტებში ქვეყნის მასშტაბით – ამ ინფორმაციის მისაღებად „ბათუმელებმა“ შემოსავლების სამსახურს მიმართა, სადაც აღნიშნეს, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით მუშავდება და მისი მოწოდება სირთულეს წარმოადგენს. საბოლოოდ, შემოსავლების სამსახურმა მხოლოდ ოთხ პროდუქტზე – ხაჭაპურზე, ლობიანზე, ღვეზელსა და ფუნთუშაზე გასცა ინფორმაცია ფასების მიხედვით. 

შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გასული წლის აპრილში 4523 ლარის ხაჭაპური, ლობიანი, ღვეზელი და ფუნთუშა გადაყარეს სანაგვე ურნებში. მაისში – 11 484, ივნისში – 7312, ივლისში – 9455, აგვისტოში – 7778, სექტემბერში – 5424, ოქტომბერში – 8701, ნოემბერში – 7727, დეკემბერში – 8192.

2018 წლის იანვარში 9385 ლარის მზა საკვებია გადაყრილი, თებერვალში – 7439, მარტში – 6817 ლარის.

ჩაწერა სახელი