რეზონანსი
(10.11.2017)

 (რეზონანსი) ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

"2017 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარაგაულის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე ა. კ. - ს თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. 2017 წლის 9 ნოემბერს კი საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

„ამჟამად საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრებისა და მოწმეების გამოკითხვა, ასევე გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - აცხადებენ პროკურატურაში.

ხარაგაულში ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი პოლიციის მხრიდან ზეწოლა გახდა.

გარდაცვლილის და ამბობს, რომ მისი ძმები ჯართს აგროვებდენენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს, პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ კი ამირან კვირიკაშვილმა თქვა, რომ ან მათ მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ სამართალდამცველები მისგან თანამშრომლობას ითხოვდნენ, კაცმა კი ზეწოლას ვერ გაუძლო.

 

ჩაწერა სახელი