რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) მამა გიორგი მამალაძის განცხადებით, პროკურატურა მისგან პატრიარქის მკვლელობის ორგანიზების აღიარებას, თანამზრახველებად მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის და პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის დასახელებას მოითხოვდა. დეკანოზის თქმით, შეთავაზება მან უშუალოდ გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძისგან მიიღო. ეს განცხადება ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ სატელეფონო ინტერვიუს დროს გააკეთა, რომელიც მან „რუსთავი 2"-ს, „ნანუკას შოუ"-ს მისცა.

„პროკურატურაში მიყვანიდანვე საგამოძიებო მოქმედებების მსვლელობის მომენტში, სისტემატურად, პირადად ჩემი ადვოკატების თანდასწრებით, მთხოვდნენ, რომ მეღიარებინა მკვლელობის მომზადება, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა მეუფე დიმიტრი და იოსებ ოხანაშვილი. მთხოვდნენ, რომ პატრიარქის მკვლელობის მომზადება მეღიარებინა" , - განაცხადა სატელეფონო ინტერვიუს დროს მსჯავრდებულმა.

ადვოკატების თქმით, მამა გიორგი მამალაძეს სთხოვდნენ, რომ თუ აღიარებით ჩვენებას მისცემდა და თანამონაწილეებს დაასახელებდა, მას პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლებდნენ.

„მასზე მიდიოდა ზეწოლა მთავარი პროკურორის მოადგილის, ვასაძისგან და იქ მყოფი პროკურატურის თანამშრომლებისგან. სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა, რომ ის პატრიარქს კლავდა და მისი თანამზრახველები იყვნენ მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი," - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.

ჩაწერა სახელი