რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, წერილის მეშვეობით, გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს და თვითმმართველი ქალაქების გაუქმების შესახებ, მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით შეხვედრა სთხოვეს.

„29 მარტს 126-მა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციამ და 18 მაისს 21-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადებები დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით. ძირითადი მოთხოვნა საკითხის მომზადების და განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა იყო. სამწუხაროდ, ამ ორგანიზაციების განცხადებების და მოსაზრებების მიუხედავად, რეფორმაზე მსჯელობა მხოლოდ ხელისუფლების შიგნით გრძელდება. პრაქტიკულად იგნორირებულია საქართველოს კანონმდებლობით და თვითმმართველობის ევროპული ქარტიით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა კონსულტაციის პროცესებთან დაკავშირებით", - წერია მიმართვაში.

მესამე სექტორი მოუწოდებს პრემიერს, რომ მან, უახლოეს პერიოდში გამონახოს დრო და ამ მნიშვნელოვან რეფორმაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელოს.

„დაუყოვნებელ აუცილებლობად მიგვაჩნია, ქვეყნის მთავრობის მეთაურს პირადად გაგაცნოთ როგორც გასაერთიანებელი მუნიციპალიტეტების მოსახლეობის, ზოგადად საზოგადოების და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც წლებია თვითმმართველობის საკითხებზე ვმუშაობთ. მოგმართავთ თხოვნით, დავნიშნოთ შეხვედრა, სადაც მიმდინარე რეფორმაზე ჩვენს, ჩვენი პარტნიორების მოსაზრებებს და მოსახლების განწყობებს გაგიზიარებთ", - ნათქვამია წერილში.

აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს: ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, რეგიონის განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, კივიტას გეორგიკა, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს მედიაკლუბი და სხვ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი