რეზონანსი
(21.04.2017)

 გერმანიის პოლიციამ „ბორუსიის" ფეხბურთელებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დააკავა. დორტმუნდის „ბორუსიის" ავტობუსის აფეთქების საქმეზე 28 წლის რუსი მამაკაცი, სახელად სერგეი აიყვანეს, რომელსაც გერმანიისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „theguardian"-ი ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, დანაშაულის მოტივი ფული გახდა. ეჭვმიტანილმა თავდასხმამდე ინტერნეტით დორტმუნდის კლუბის 15 ათასი აქცია იყიდა, ფასიანი ქაღალდები 78 ათას ევროდ შეიძინა და გაუფასურების შემთხვევაში 4 მილიონამდე ევროს შემოსავალს მიიღებდა.

ეჭვმიტანილმა სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა დორტმუნდის „ბორუსიის" ავტობუსთან იმ დროს ააფეთქა, როდესაც ფეხბურთელები სასტუმროდან თამაშზე გაემგზავრნენ. ის იმავე სასტუმროში ცხოვრობდა, სადაც დორტმუნდის საფეხბურთო გუნდის წევრები იყვნენ.

სამი აფეთქება ქალაქ დორტმუნდში 11 აპრილს მოხდა, შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომლითაც დორტმუნდის „ბორუსიის" ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე გადაჰყავდათ. აფეთქებისას დაშავდა ერთი ფეხბურთელი, მარკ ბარტრა.

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დორტმუნდში მომხდარ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

 

 

ჩაწერა სახელი