რეზონანსი
(20.03.2017)

 აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი დედაქალაქის მერთან შეხვედრას და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის პროგრამისთვის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, 36 ბავშვი პროგრამაში ვერ მოხვდა. ისინი იმ დადგენილების შეცვლას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც პროგრამით სარგებლობა მხოლოდ 2015 წლის 1 ივნისამდე თბილისში დარეგისტრირებულ ბავშვებს შეუძლიათ.

დადგენილება, რომელიც პროტესტის საფუძველი გახდა, თბილისის საკრებულომ 2015 წლის 29 დეკემბერს მიიღო. დადგენილების მეორე მუხლის მიხედვით, „ქვეპროგრამის მოსარგებლეები არიან დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 15 წლის ასაკის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით და ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისათვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებულები".

36 ბავშვი ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რადგან თბილისში 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ ჩაეწერნენ. მშობლების თქმით, ამ ბავშვების დაფინანსებას წლიურად 140 000 ლარი სჭირდება.

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, უკვე ჩაინიშნა შეხვედრა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აუტიზმის ასოციაციასთან ერთად, მშობლების კონკრეტულ მოთხოვნებზე იმსჯელებენ.

მშობლების განცხადებით, მათ საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია პრემიერის აპარატს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ალიბეგაშვილსაც მიაწოდეს.

 

 

ჩაწერა სახელი