რეზონანსი
(20.03.2017)

 სოფელ თამარაშენში, კაჟაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს. პენსიონერების თქმით,რამდენიმე თვის პენსია წინასწარ აიღეს, რომელიც ბანკში კრედიტის სახით დარეგისტრირდა და დახმარება ამის შემდეგ შეუწყდათ. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ზინაიდა კაჟაშვილი ამბობს, რომ პენსია კრედიტის სახით ცალკე მცხოვრები შვილის დასახმარებლად აიღო. პენსიონერის თქმით, თვალზე ოპერაციისთვის სოციალურ დახმარებას ელოდებოდა, თუმცა კრედიტის აღების შემდეგ სოციალური შემწეობის სარეიტინგო ქულები მოემატა და დახმარება აღარ მიუღია.

მიხეილ კაჟაშვილი იხსენებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, ბინის დათვალიერების დროს, ნაკვეთში მოყვანილი კარტოფილის მარაგიც ნახა და ანკეტაში ოთხი ტონა ჩაწერა. პენსიონერის თქმით კი, სარდაფში მხოლოდ 5 ტომარა კარტოფილს ინახავდნენ.

კაჟაშვილების ოჯახი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენში, ერთსართულიან სახლში, მხოლოდ ორ ოთახში ცხოვრობს. სახლის სახურავი დაზიანებულია და ნალექის დროს წყალი ჩადის.

 

 

ჩაწერა სახელი