რეზონანსი
(16.05.2025)

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი მოზარდი დაშავდა. ორი მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მათ ოპერაციები ჩაუტარდათ. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც ამბობენ, ერთ მოზარდს დაზიანება აქვს სახის არეში, ხოლო მეორემ თავის ქალის მძიმე ტრამვა მიიღო. ბავშვებს წუხელვე ჩაუტარდათ ოპერაციები. როგორც დღეს ერთ-ერთი დაშავებულის, ანრის ნათესავისგან შევიტყვეთ, ბიჭს წუხელ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია და დღესაც დასჭირდა მეორე ოპერაცია, რადგან მას მუცლის არეშიც აქვს დაზიანება.

კიდევ ერთი მოზარდი რჩება ამ დრომდე კლინიკაში, როგორც გვითხრეს, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ის ამჟამად ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია, მისი გადაყვანა წუხელ მოხდა. რაც შეეხება მესამე მოზარდს, მას ხელი აქვს მოტეხილი, პირველადი დახმარება ღამითვე აღმოუჩინეს და სტაციონარული მკურნალობა არ დასჭირდა.

"მთელი ზუგდიდი წუხელ კლინიკასთან იდგა და ყველა ვლოცულობდით, რომ ეს ბავშვები გადარჩენილიყვნენ. წუხელ ორივე ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა, თავის ოპერაცია დასჭირდა ანრის, ითქვა, რომ ჰქონდა ჰემატომა, ოპერაციამ კარგად ჩაიარაო, თქვეს ექიმებმა და დღეს ელოდებოდნენ გონზე მოსვლას. ღმერთმა გადაარჩინოს, უსაყვარლესი, ობლად გაზრდილი ბავშვია. სულ პატარა იყო დედა რომ გარდაეცვალა, მამამ გაზარდა. ძალიან შეგვტკივა გული ყველას და როგორმე უნდა გადარჩეს.

ორივე ბავშვი გამოჯანმრთელდეს.

კადრებშიც ჩანს, რომ გზაზე გადადიოდნენ, შეჩერდნენ მანქანას რომ გაევლო და ამ დროს, უცებ საპირისპიროდ მომავალი მანქანა დაეჯახა. ჩანს, რომ ის მძღოლი გვერდით გასწრებას ცდილობდა.

მძღოლი ზუგდიდელი ყოფილა, უთქვამს, ღამე იყო და საპირისპირო გზაზე მომავალმა მანქანამ შუქი არ ჩამიქრო და ბავშვები ვერ დავინახეო. თურმე კატაფალკის მანქანაზე იჯდა და სასახლე მიჰქონდა ვიღაცასთან.

ახლა ყველას უფლის იმედი გვაქვს, რომ ეს ბავშვები გადარჩებიან და უვნებელი დაუბრუნდებიან ოჯახებს. ორის მდგომარეობაა მძიმე, თურმე ანრის განსაკუთრებით, თორემ მესამეს ხელი აქვს მოტეხილი და ფეხი დაზიანებული.

კადრებშიც ჩანს, როგორ გადახტა ის მესამე ბავშვი, სასწაულად გადარჩა, უცებ გადამხტარა, ეტყობა მერე წაიქცა და მაშინ დაიზიანა ხელი.

ყველა დედას კარგად უმყოფე თავისი შვილი.

ანრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში, ჭითაწყარში წევს და ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. უფალი გადმოხედავს და არ გაწირავს, როგორც ვიცი, მეორე ბავშვსაც აქვს სახეზე და თვალზე დაზიანება, ის გადაყვანილი ყოფილა ქუთაისში და იქ უტარდება მკურნალობა", - უთხრა "კვირის პალიტრას" ადგილობრივმა.

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე