რეზონანსი
(19.06.2024)

ვიცი, რომ კეზერაშვილს არ მისცეს აშშ-ის ვიზა - სხვა მსგავსი მაგალითი სავიზო შეზღუდვასთან დაკავშირებით ჩემთვის არ არის ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი საუბარი ისმის სავიზო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მაგრამ დადასტურებულად საქართველოს მოქალაქეებზე, ვისზეც ცნობილია, რომ ვიზა არ გაიცა, ეს დავით კეზერაშვილია.

„ანუ კეზერაშვილს დაუწესდა სავიზო შეზღუდვა. სხვა სავიზო შეზღუდვაზე რომ საუბრობენ, ამის მაგალითი ჩემთვის არ არის ცნობილი. წინა კვირას მე მქონდა არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა აშშ-ში, გაეროში და ეს შეხვედრები იყო უმაღლესი დონის. ჩვენ შევხვდით პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ მრჩეველს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებში, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის შშმ პოლიტიკის მართლმსაჯულების პროგრამების ხელმძღვანელს და სხვა ოფიციალურ პირებს. გვქონდა ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრები. ამ შეხვედრებზე ხდებოდა ხაზგასმა იმ პროგრესის, რომელიც საქართველოს შშმ პითა უფლებების განმტკიცების თვალსაზრისით აქვს. ისინი ამ რეფორმებს იცნობენ, კარგად აქვთ ეს საკითხი შესწავლილია და ამბობენ, რომ საქართველო ერთგვარი როლური მოდელია რეგიონში და მაგალითის მიმცემი უნდა იყოს რეგიონში სხვა ქვეყნებისთვის. ასეთი საუბრები გვქონდა და სანქციები და რაღაც შეზღუდვები არავის უხსენებია. ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი საუბრებია, ეს პოზიტიურად არ აისახება იმ ურთიერთობებზე, რაც ჩვენ შორისას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-თან ურთიერთობის გაღრმავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ვიზალიბერალიზაციაა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა და თუ მის განვითარებაზე გვინდა საუბარი, პირველ რიგში ვიზალიბერალიზაციის დღის წესრიგში დაყენებაა. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა - ქართველ სამხედროებს „ნატოს“ წევრ ქვეყნებზე დიდი როლი აქვთ შეტანილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და მეორე მხრივ არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებზეც გაცილებით ცუდი სტატისტიკა გვაქვს ვიზის მიღებასთან დაკავშირებით, ვიდრე მაგალითად რუსეთის მოქალაქეებს. ეს აბსურდია რა საკვირველია და პროპორციულად არ ასახავს იმ მეგობრობის დონეს, რაც არსებობს. ამიტომ მე ყველა მეგობარს მოვუწოდებდი, ნაკლები ვისაუბროთ ვიზების შეზღუდვებზე და და მეტი ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვისაა უკეთესი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე