რეზონანსი
(19.06.2024)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვიზებზე უარის თქმის სტატისტიკა გამოაქვეყნა, საქართველო 172-ე ადგილზეა. შტატების მხრიდან ვიზებზე უარის მაჩვენებელი კი თითქმის 50 პროცენტია. ვიზების გაცემის მონაცემებში საქართველოზე წინაა რუსეთი, ბელარუსი, ავღანეთი და ანგოლა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველ გუნდს არ აინტერესებს ქართველი მოქალაქეების ბედი და ის შესაძლებლობები, რასაც საქართველო აშშ-სგან იღებს.

"საქართველოს ხელისუფლებას ოდნავ მაინც რომ აინტერესებდეს ქართველი ხალხის ბედი და ის სიკეთეები, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ აშშ-სგან, გაიწვევდნენ "რუსულ კანონს" თავის დროზე და გააუქმებდნენ მის მოქმედებას, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს "მეგობარი აქტის" სახით, აშშ-მ როგორ შესთავაზა ქართველ ხალხს უამრავი სიკეთე, მათ შორის, უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან, ისევე როგორც ფინანსური დახმარება, სავაჭრო-ეკონომიკური დახმარების გაღრმავება," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის თქმით კი, ვიზებთან დაკავშირებით აშშ-მ საქართველოს შესთავაზა მზაობა, თუმცა მსგავს ინიციატივას მმართველი გუნდი არ დასთანხმდა.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამარტივდეს სავიზო ურთიერთობები. ეს გამოიხატა არამხოლოდ სიტყვებში, არამედ კონკრეტული საკანონმდებლო წინადადება არის ინიცირებული ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, რომელიც გულისხმობს სავიზო ურთიერთობების გამარტივებას, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და აშშ-ს მზარდ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში," - აღნიშნა საბა ბუაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე