რეზონანსი
(19.06.2024)

ველოდით ამ გადაწყვეტილებას. რეფინანსირების განაკვეთის გარდა, სებ-ს სხვა ინსტრუმენტებიც აქვს ფულის მასაზე და ფულის სიჩქარეზე, ასევე, ლარის კურსზე ზემოქმედებისათვის, - ასე აფასებს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად - 8%-ზე დატოვებას საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე.

„ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებაც, სხვა, უკვე განხორციელებული ინტერვენციების მსგავსად, ბაზრის სტაბილიზაციას ემსახურება.აქვე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავინდებურად მკაცრი რჩება“, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 19 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. 2024 წლის მაისში ფასების საერთო დონე წლიურად 2.0 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.7 პროცენტი შეადგინა. წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის ზომიერი ზრდა მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის ზრდამ განაპირობა, ხოლო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასების ცვლილება კვლავ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელთან ახლოსაა. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ინფლაცია 3 პროცენტიანი მაჩვენებლის გარშემო იქნება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 ივლისს ჩატარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე