რეზონანსი
(19.06.2024)

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ტენდენციებზე, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირებას საჭიროებს.

ანგარიშში საუბარია პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობასა და  არაფორმალური მმართველობაზე, ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარერობაზე:

"წლებია გამოწვევას წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მმართველობის ცალკეული შემთხვევები; დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.

აუცილებელია დაიხვეწოს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმთან დაკავშირებული ნორმატიული ბაზა; ასევე სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებისთვის.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტები კვლავ ხდებიან ძალადობის მსხვერპლები. სამართლებრივი ჩარჩო და არსებული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს პაციენტების მკურნალობას ღირსეულ და იძულებისაგან თავისუფალ გარემოში. არ განახლებულა პაციენტების შეზღუდვის მეთოდების გამოყენების ინსტრუქცია და წესები." ნათქვამია ანგარიშში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე