რეზონანსი
(17.06.2024)

გივი მიქანაძემ ოპოზიციურ პარტიებს შორის გაერთიანების შესახებ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. ამ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში" ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაჯგუფების შემთხვევაში „კოლექტიური ნაცმოძრაობა" არჩევნებში დამარცხდება.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს გიორგი გახარიას და მამუკა ხაზარაძის რამდენიმე წლის წინანდელი საჯარო დაპირისპირება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს ღირსების არაფერი შერჩენიათ და მეორე - ეს არის საზოგადოების, ჩვენი ამომრჩევლის მოტყუების მცდელობა

თუ არ ვცდები, გუშინ ბადრი ჯაფარიძეს ერთ-ერთ ეთერში წამოსცდა, ჩვენ წინასაარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობასთან" გაერთიანებას არ ვაპირებთ, მაგრამ არჩევნების შემდეგ მათთან თანამშრომლობას განვიხილავთო.

ისინი ერთი და იგივე არიან, უბრალოდ მათი გადაადგილებები პოლიტიკურ რუკაზე ემსახურება იმას, რომ ვერ შეთანხმებულან ერთიან სიაზე, იმიტომ რომ სულ პირველობაზე აქვს ყველას აქცენტი. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეს კოორდინაცია მითია და რეალობად ვერ იქცევა. მეორეა, რომ ისინი ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნას. ნიკა მელია და ნიკა გვარამია რომ იტყვიან, „ნაციონალური მოძრაობასთან" არ ვართ ასოცირებულებიო, ნებისმიერ ადამიანს ამაზე გაეღიმება. აბა ვისთან არიან ასოცირებულები? მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან" იყვნენ დაკავშირებულები და „ნაცმოძრაობას" საქმეს აკეთებდნენ. დღესაც იმავეს აკეთებენ. გახარიამ პრემიერობა დატოვა ნიკა მელიას გამო - „ნაცმოძრაობის" გაძლიერებისთვის ხელი რომ შეეწყო და ხელისუფლების დისკრედიტაცია განეხორციელებინა. ეს ყველაფერი არის ხრიკები, რომ საზოგადოება მოატყუონ, მაგრამ საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, შედეგი იქნება ცალსახა - ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში", - აღნიშნა მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე