რეზონანსი
(17.06.2024)

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას".

ექსპერტის თქმით, „ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები" NDI-ს ფულით მოწყობილ შეხვედრებს ანტი-სახელისუფლებო აგიტაციისთვის გამოიყენებენ.

„ისტორიაში ყველაზე ამორალური ის არის, რომ ამ "ოპოზიციონერმა დეპუტატმა ქალებმა" საზოგადოება მოატყუეს - თითქოს ეს მათი პირადი ინიციატივა იყო რეგიონებში ხალხთან შეხვედრა. რატომ დამალეს, რომ ეს ყველაფერი NDI-მ დაუფინანსათ? ან თავად NDI-მ რატომ არ განაცხადა, რომ მისი ფულით ხდება ეს ვოიაჟი.

ამ პარლამენტში შემთხვევით მოხვედრილ ქალ დეპუტატებს რომ ხალხი არ ანაღვლებთ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის სჭირდებათ რეგიონში ჩასვლები, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როდესაც ამას გარედან მიღებული ფულით აკეთებ, ამას უკვე სხვა ელფერი დაკრავს. გასაგებია რომ NDI-ს ფულით მოწყობილ ამ შეხვედრებს ისინი ანტი-სახელისუფლებო აგიტაციას მოანდომებენ.

გამოდის, რომ უცხოელმა დონორებმა ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის გახსნამდე დაიწყეს ჩვენს არჩევნებში ჩარევა", - წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე