რეზონანსი
(27.03.2023)

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სააკაშვილის პატიმრობის პროცესი 24-საათიან "ლაივში" არის გადაცემული - აქ ადამიანის უფლება კი არა, პოლიტიკოსის უფლებაც კი არ არის დარღვეული.

მისივე თქმით, თუკი დედამიწის ზურგზე სადღაც სამართალი დარჩა და ყველაფერი პოლიტიკურ კონიუქტურას არ არის შეწირული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს არანაირი გადაწყვეტილება არ შეიძლება არსებობდეს.

„სტრასბურგის სასამართლო განიხილავს სრულდება თუ არა ადამიანის მიმართ სამართლიანი სასამართლო, ან სახელმწიფო ძალადობს თუ არა სამართლის აღსრულების პროცესში ადამიანზე, ან როგორია მისი პატიმრობის პირობები. ამ შემთხვევაში, სააკაშვილის პატიმრობის პროცესი 24-საათიან "ლაივში" არის გადაცემული. გამომდინარე აქედან, სტრასბურგის სასამართლოში მსჯელობის საგანი რა უნდა იყოს, თვითონ სასამართლოსთვისაც გაუგებარი იქნება. მე ვშიშობ, რომ შეიძლება სარჩელიც კი არ მიიღოს, როგორც ეს ერთ შემთხვევაში, მისი პატიმრობის დასაწყისში იყო, იმიტომ რომ გვყავს პატიმარი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში არის და 24-საათიან "ლაივში" ცხოვრობს მშობლებთან, ოჯახთან, გულშემატკივრებთან ერთად, სრული პოლიტიკური ჩართულობით ყველა პროცესში და ნუ, აქ ადამიანის უფლება კი არა, პოლიტიკოსის უფლებაც კი არ არის დარღვეული. აქედან გამომდინარე, თუკი დარჩა დედამიწის ზურგზე სადღაც სამართალი და ყველაფერი პოლიტიკურ კონიუქტურას არ არის შეწირული, რა თქმა უნდა, არანაირი სტრასბურგის გადაწყვეტილება სააკაშვილის "ქეისთან" მიმართებით არ შეიძლება არსებობდეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე