რეზონანსი
(17.01.2022)

ჯანდაცვის სამინისტროსთან თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში" მცხოვრები დევნილები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მდუმარე აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი პირობებით დაკმაყოფილდნენ.

ამასთან, აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ.

"ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ ყველამ გავაპროტესტოთ ის, რაც ვნახეთ გუშინ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია. მე აუცილებლად ველი ქართველი ხალხისგან ამ ტრაგედიაზე პოლიტიკურ რეაგირებას, რადგანაც ჩვენ, საზოგადოებამ უნდა შევძლოთ, რომ დავდგეთ ერთად ასეთი ტიპის საკითხებზე, როდესაც სოციალური სოლიდარობაა საჭირო, სუსტების მხარეს დგომაა საჭირო.

ჩვენ დაუყონებლივ მოვითხოვთ, ყველა ეს ადამიანი იქნას დაკმაყოფილებული საცხოვრებელი პირობებით, რადგან სადაც ისინი ცხოვრობენ არის ყოველდღიური რისკის შემცველი. მათ არ უსმენს არავინ და დაუშვებელია, ადამიანებს სიმაღლიდან გადმოხტომა უწევდეთ იმისათვის, რომ მათი ყველაზე საბაზისო სოციალური და პოლიტიკური უფლებები იქნას დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს მტკიცედ მანამ, სანამ ყველა ლეგიტიმური მოთხოვნა, რომელიც მათ გააჩნიათ, არ იქნება დაკმაყოფილებული", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, გუშინ, თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლის" შენობიდან ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი გადმოხტა და გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ პირობებში ცხოვრებას დიდი ხანი აპროტესტებდა. შეგახსენებთ, რომ სანატორიუმ „ქართლში" შესახლებული დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე