რეზონანსი
(17.01.2022)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) წელს ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვას არ ელოდება. ამის შესახებ "ბიემს" სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, გაზის ტარიფის გადახედვისთვის საქართველოში ამ ეტაპზე, რაიმე წინაპირობები არ არსებობს.

"იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის ფიქსირებული ფასები ორმხრივი შეთანხმებით აქვს განსაზღვრული, ის პირდაპირ მიბმული არ არის მსოფლიო ბაზარზე და მით უმეტეს, ევროპულ ბაზარზე გაზის ფასების ზრდასთან, ამდენად ამ ეტაპისთვის ჩვენ, მინიმუმ ამ წლის ბოლომდე გაზის ტარიფების გადახედვას არ ველოდებით და არანაირი სოციალური, თუ ეკონომიკური ფაქტორი, რაც ამას განაპირობებდა, არ არსებობს", – განაცხადა დავით ნარმანიამ.

2021 წლის 1-ლი ივნისიდან ბუნებრივი გაზი "თბილისი ენერჯის" მომხმარებლისთვის 8 თეთრით გაძვირდა. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა. რაც შეეხება რეგიონებს, აქ მანამდე მოქმედი ტარიფი შენარჩუნდა. კერძო სექტორისთვის კი ტარიფებს გაზის დისტრიბუტორი კომპანიები ადგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე