რეზონანსი
(30.09.2020)

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ნ.ც.-ს ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა დღეს სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც გამოძიებისთვის მის მიერ მიცემულ ინფორმაციას არ შეესაბამება.

მისივე განმარტებით, გურამ ამირხანაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რასაც „ტოიოტა ქამრის" მგზავრებს ედავებიან, თითიდან გამოწოვილია.

„მოწმე უკვე იყო დისკრედიტირებული, იქიდან გამომდინარე, რომ გამოძიებაშივე მას ჰქონდა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მიცემული. შესაბამისად, არანაირი მოლოდინი არ გვქონდა, რომ მას რაიმე რეალური ინფორმაცია შეეძლო გაეჟღერებინა სასამართლოსთვის. ეს მოლოდინი დადასტურდა, მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამებოდა გამოძიებაში, ასევე რადენჯერმე მიცემულ ინფორმაციას. შესაბამისად, მოსამართლემ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაითვალისწინოს ასეთი მოწმის ჩვენება.

მას ფაქტობრივად არ უსაუბრია „მერსედესის" მგზავრებზე. მან ყურადღება გაამახვილა „ტოიოტა ქამრის" ეპიზოდზე. მან თქვა, რომ დაინახა რვა ადამიანი თუ როგორ ეჩხუბებოდა ერთ პიროვნებას. ჩემ კითხვაზე, თუ მოახდინა ერთი პირის იდენტიფიცირება მაინც, თუ რომელი ჩხუბობდა იმ 8 ადამიანში, მან თქვა, რომ ასეთი პირის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენდა. თქვენ განსაჯეთ, რამდენად შეიძლება მოწმის მიერ გადმოცემული ინფორმაცია შეესაბამებოდეს რეალობას, როცა მას ჩხუბში მონაწილე არცერთი პირის იდენტიფიცირება არ შეუძლია და დანამდვილებით ამბობს, რომ ჩხუბში 8 პირი მონაწილეობდა.

რაც შეეხება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდს, აღნიშნული ბრალდება თავიდანვე იყო თითიდან გამოწოვილი და ეს დადასტურდა მოწმის სასამართლოში დაკითხვით. ეს განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა, როდესაც მოწმე იძახის, რომ ის წამოიყვანეს მცხეთიდან, მასზე რაიმე სახის ძალადობა მანქანაში არ განხორციელებულა, არ მიუმართავთ ცუდად, არ მიუყენებიათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ამის შემდეგ ის ჩამოსვეს თბილისის შემოსასვლელში, საიდანაც შეძლებდა სასურველ ლოკაციაზე წასვლას, ის თავისი ნებით ჩამოვიდა მანქანიდან.

ავტომობილში მოხვედრას რაც შეეხება მან თქვა, რომ რომელიღაც პირმა, რომელსაც ვერ იხსენებს, მოკიდა ხელი და ჩასვა მანქანაში, მაგრამ საკითხავია შემდეგი გარემოება - მოწმე ვერ იხსენებს პირს, რომელმაც ხელი მოკიდა და ჩასვა მანქანაში, თუმცა, გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ქუთუთოების, ცხვირის, ნესტოების აღწერის დონეზე თითოეული მოწმის შეფასებას აკეთებს, როგორ ამოიცნო ისინი", - განაცხადა ბერიანიძემ.

ჩაწერა სახელი