ია აბულაშვილი
(14.07.2020)


ფიტარეთის მონასტერი, რომელიც ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ქციის ხეობაში მდებარეობს, აშენდა თამარ მეფის ვაჟის, ლაშა-გიორგის მეფობის დროს და თარიღდება 1213-1222 წლებით. "არს მონასტერი ფიტარეთის, შუენიერ ნაშენი, გუმბათიანი, შუენიერს ადგილას, ზის წინამძღვარი, მის ქვეით ერთვის ქციას ფოცხვერიანი ხევი, ვენახიანი, ხილიანი..." - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ფიტარეთის მონასტერს.

მე-14 საუკუნეში შემოსევებისგან დანგრეული ტაძარი აღუდგენია გიორგი ბრწინვალეს. 1696-1730 წლებში მონასტერის წინამძღვარი იყო იობი, ვახტანგ მეექვსესთან და სულხან საბა ორბელიანთან დაახლოებული პირი. ფიტარეთის ეკლესიას ოდითგანვე ჰქონია მდიდარი ბიბლიოთეკა, მტერთა თარეშს გადაურჩა სახარება, რომელიც ასლან ორბელიანს 1673 წელს შეუკვეთია ცნობილი ოსტატისთვის, იესე ბედისმწერლიშვილისთვის და მონსტრისთვის შეუწირავს. ფიტარეთის უნიკალური ძეგლი, ძილისპირული, ძველი საგალობელთა კრებული, ნოტებით კი დღეს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

სამონასტრო კომპლესში შედიოდა ღვთისმშობლის ეკლესია, სამრეკლო, მარანი, რომელიც აუგია იობ ფიტარელს. ტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთის საძვალეში განისვენებენ ორბელიანთა გვარის დიდებულები და სულხან- საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი.

ფიტარეთის ტაძრის მთელი შიდა სივრცე დაფარული იყო კედლის მდიდრული მხატვრობით, უნიკალცრი ფრესკებით, რომელიც დღეს ფრაგმენტულად არის შემორჩენილი. ეკლესიის უნიკალური წარწერები კი პირველად მარი ბროსეს გამოუქვეყნებია, შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილს.

1752 წელს ფიტარეთი ლეკების შემოსევის დროს ძლიერ დაინგრა "აიღეს ციხე ფიტარეთისა, ლეკთა და იავარჰყვეს საქონელი ურიცხვი საყდრისა, წაასხეს ტყვე ფრიად" - წერდა მემატიანე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით კი მე-18 საუკუნეში ფიტარეთის მონასტერი მთლიანად გაუკაცრიელდა.

ფიტარეთის მონასტრის შემდგომ მწარე ბედზე წერდა მე-20 საუკუნის დასაწყისში მღვდელი ზაქარია გულისაშვილი. "ეს მონასტერი ბაზეკ ორბელიანს მიუყიდია ვიღაც რუსისთვის 300 თუმნად. იმ რუსმა პეტერბურგშივე ეს მონასტერი მიჰყიდა ვიღაც თაიროვს. ეს თაიროვი გამხდარა ბატონ-პატრონი აქაურობის. მის მოურავს სომეხ ასატურას ფიტარეთის დანგრევაც მოუნდომებია, მაგრამ ვეღარ შეუსრულდა, ჩვენდა საბედნიეროდ თავისი ბოროტი დანაქადარი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე