ია აბულაშვილი
(19.05.2020)

„კარუგდებელის“ სახელით ცნობილი ეკლესია, რომელიც იმერეთში, თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნაში მდებარებს, მე-7 საუკუნით თარიღდება. ისტორიულ წყაროებში სოფელი გოგნა ჯერ კიდევ მე-4  საუკუნიდან მოიხსენიება. გადმოცემის თანახმად, ამ სოფელში 2 ათასი მებრძოლი ბერი ცხოვრობდა და 4 სამლოცველო ჰქონია. „კარუგდებელი“ მოხსენიებულია 1188 წლით დათარიღებულ თამარ მეფის სიგელში და ეს ეკლესია ერთ დროს გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა.

„კარუგდებელის“ ეკლესიაში დავანებული ყოფილა წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები, მათ შორის მენჯის ძვალი. წინაპრების გადმოცემით, ტაძარს სასწაულმოქმედების ძალა ჰქონია. ეხმარებოდა დავრდომილებს და უშვილოებს. 

სალოცავის გვერდით დიდი ჯვარი იყო აღმართული, რომლის ძირშიც რამდენიმე ლოდი იდო. გადმოცემის თანახმად, სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, რომ აქ ეკლესია უნდა აიგოს. პირველი ლოდი სწორედ ამ ბიჭმა აიტანა მინიშნებულ ადგილზე, რის შემდეგაც თავისუფლად გაიარა.

„კარუგდებელში“, რომელიც დიდი მადლის მატარებელია, გიორგობას მორწმუნენი საქართველოს ყველა კუთხიდან ამოდიან - 23 ნოემბერს წმინდა გიორგისთვის მადლობის სათქმელად, 6 მაისს კი სათხოვნელად. შესაწირად მოჰყავთ ცხვარი და მამალი.

რატომ ჰქვია ამ სოლცავს „კარუგდებელი“? ლეგენდის თანახმად, სოფელ გოგნაში ყველა მამაკაცი დაღუპულა, მაგრამ მიზეზი ამ  ტრაგედიის არავინ იცოდა. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს - თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და გაჩერებულან. ამ ადგილზე აიგო შედეგ ეკლესია, თუმცა კარი ვერ დაჰკიდეს. რამდენჯერაც სცადეს, იმდენჯერ ჩამოვარდა.  

ერთხელაც სცადეს ეკლესიისთვის კარის შებმა, თანაც დაუდარაჯდნენ - იქნება ვინმე აგდებსო. ლოდინით დაღლილებს ჩაეძინათ და სწორედ ამ დროს შემოესმათ უცნაური ხმა, საყდარს კარები ისევ ჩამოვარდნოდა. გარეშემო დაიარეს იქნება ვინმე  უცხო შევნიშნოთო, მაგრამ არავინ ჩანდა. 

ამის შემდეგ ეკლესიას „კარუგდებელი“ დაარქვეს, რომელიც დღესაც უკაროდ არის და ნებისმიერ დროს ადამიანს შეუძლია მივიდეს და წმინდა გიორგის სახელზე ილოცოს.

ჩაწერა სახელი