ია აბულაშვილი
(10.05.2020)

ქართული საეკლესიო სამოსი, რომელიც ოდითგანვე მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, დროთა განმავლობაში გარკვეულ ცვლილებას განიცდიდა როგორც ფორმით, ასევე ფერადოვნებით, თუმცა, სიმბოლური თვალსაზრისით, უცვლელი დარჩა.

ყველაზე ძველი საეკლესიო სამოსი არის სტიქარი, რომელსაც „ხსნის სამოსს“ უწოდებენ და იგი მეუფისადმი სულიერი სიხარულის სიმბოლოა. უძველესი დროიდან სტიქარი თეთრი ფერისა და ჭრელი აბრეშუმის ქსოვილისგან იკერებოდა, სამღვდელო სტიქარი კი - ოქროსფერი ქსოვილისაგან და ფერადი ქვებით იყო მოჭედილი.

საეკლესიო სამოსის მშვენებაა „საკოსი“, რომელიც ბერძნულად „ტომარას“ ნიშნავს და მაცხოვრის წამების დროის სამოსად იწოდება. საკოსს „უკერველ სამოსსაც“ უწოდებენ, რადგან გვერდებზე არ არის გაკერილი და სპეციალური ზანზალაკებიანი ღილებით იკვრება. მოძრაობისას ზანზალაკები ხმას გამოსცემენ, რაც „უფლის გამოცხადების“ სიმბოლოა.

ამ სამოსით მღვდელმთავრები იმოსებიან და მას ბისონსაც უწოდებენ. ბისონის ზემოთ მღვდელმთავრები ჯვარს ატარებენ. სტიქარი და საკოსი ორივე ჯვრის თარგზეა აჭრილი და მაცხოვრის მიწიერი და ზეციური ცხოვრების სიმბოლოა, „სამოსელი ცხოვრებისა და კვართი სიხარულისა.“

კიდევ ერთი სამოსი, რომელსაც ფელონი ეწოდება, ქლამიდის სიმბოლოა, რომელიც ჯვარცმის წინ მაცხოვარს ემოსა. ფელონი წრეზეა აჭრილი და ღვთაებრივი ძალის, მაცხოვრისა და სიმართლის სიმბოლოა.

ომფორი გრძელი ფართოთასმებიანი შესამოსია, რომელიც ჯვრებითაა შემკული. იგი მხრებზე აქვთ მოსხმული მღვდელმთავრებს და მხოლოდ ისინი ატარებენ.

საეკლესიო სამოსში განსაკუთრებული ადგილი უკავია ფერს და იგი ძირითადად სამი ფერისგან შედგება - თეთრი, ცისარტყელას ფერი და შავი.

თეთრი ფერი არის სინათლის სიმბოლო - „მე ვარ მიუჩრდილებელი ნათლისა.“ ასევე ანგელოზთა და მაცხოვრის სამოსს ესატყვისება. აღდგომის დესასწაული მღვდელმთავრებისთვის თეთრი სამოსით იწყება, ნიშნად ღვთის შუქისა, რომელიც მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის საფლავიდან ამოიფრქვევა.

ცისარტყელას ფერს უძველესი დროიდან დიდი დატვირთვა ჰქონდა და განასახიერებდა წმინდა ციფრს - შვიდს, რომელშიც ზეციური და მიწიერი სამყაროს შექმნის სიმბოლო დევს.

შავი ფერი ნიშნავს გლოვას, თუმცა საეკლესიო სამოსში ეს ფერი სიმშვიდესაც ნიშნავს.

სასულიერო პირთა სამოსზე ასევე გამოსახულია მცენარეები და ყვავილები, რომელთაც ასევე სიმბოლური დატვირთვა აქვს: ბროწეული სიმბოლოა ურღვევი რწმენისა; შროშანი და მაყვალი - ღვთისმშობლის; მიხაკი - მაცხოვრის წამების; ყურძენი - „მე ვარ ვენახის“ სიმბოლო.

რაც შეეხება მოსართავებს, უნიკალური ნიმუშია პანაღა, რომელიც ნიშნავს „ყოვლადწმინდას“ და ის არის პატარა, მრგვალი ხატი მაცხოვრის ან ღვთისმშობლის გამოსახულებით, როლმელიც ძვირფასი ქვებითაა შემკული.

მიტრა, რომელიც ეპისკოპოსებს თავზე აფარიათ, აღნიშნავს ეკლესიის გვირგვინს, შემკულია პატარა ხატებითა და ძვირფასი ქვებით.

რაც შეეხება კვართს, იგი უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანია.

ჩაწერა სახელი