ია აბულაშვილი
(29.03.2020)

„ზემოთ თეძმის მდინარესა ზედა, არს რკონს მონასტერი გამბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუალს ადგილსა. აქა არს ლითონი მრავალი, იტყვიან ვეცხლისაცა, ზის წინამძღვარი“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი რკონის სამონასტრო კომპლექს, რომელიც მე-7 საუკუნეშია აგებული. 

რკონის მონასტერი მდებარეობს კასპის რაიონში, სოფელ ჩაჩუბეთის მახლობლად. სამონასტრო კომპლექსში შედის რამენიმე ეკლესია. ღვთისმშობლის სახლობის ეკლესიის დასავლეთ კედელზე  შემორჩენილია მე-12 საუკუნის მხატვრობა. აქვეა თამარის ხიდი, რომელიც ეკლესიის ტერიტორიაზე გამავალ მდინარეზე გადადის, თამარის მეფობის დროს  უნდა იყოს აგებული. 

რკონის მონასტერს მტრის შემოსევების დროს თავს აფარებდნენ მეფენი და მათი ოჯახის წევრები. „ამისთვის წარმოვიდა მეფე კრკონს. აჰყარა მუნ მდგომნი დედაწულნი თვისნი და სახელეულნი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

სამონასტრო კომპლექსში შემავალ ნათლისმცემლის ეკლესიასა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას შორის საიდუმლო გვირაბები ყოფილა.  ლეგენდის თანხმად, სამი გვირაბი რკონიდან ქვათახევისკენ გადიოდა. როცა ქვათახევს მტერი შემოესეოდა ან რამე სნეულება გაჩნდებოდა, ერთი გვირაბით წყალს აწვდიდნენ, მეორეთი - რძეს, მესამეთი კი წყალს თევზი მიჰყვებოდა.

რკონის ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით კი ასეთი ლეგენდა არსებობს: ერთხელ ლეკები შემოსევიან ამ ადგილს, ხალხი დაუხოცავთ და ეკლესია გაუძარცვავთ. წაუღიათ ოქროს და ვერცხლის ჯვრები. თვალ-მარგალიტით შემკული ღვთისმშობლის ხატი კი ბელადს ერგო. როგორც კი ხატი სახლში დაასვენა, იმ არემარეში აღარც ბალახი ამოდიოდა, არც ფრინველი და პირუტყვი იბადებოდა. 

მიხვდა ბელადი, რომ ეს ხატის მიზეზით ხდებოდა. ამიტომ მისი დაწვა გადაწყვიტა. გააჩაღა დიდი ცეცხლი და ხატი კოცონში ჩააგდო. მისწვდა რა ცეცხლი ხატს, მაშინვე ქალის ხმაზე აკივლდა, მაღლა აფრინდა და ხარს რქაზე დააჯდა. ამის შემხვედვარე ხალხი განცვიფრებული მიწაზე დაემხო და ღმერთს შენდობა სთხოვა.

ხატი ხარის რქაზე ბაწრებით მიაბეს და გაუშვეს. თან სამი ბიჭი გააყოლეს და უთხრეს - სადაც ხარი გაჩერდება, თქვენც იქ დარჩითო. ხარმა იარა, იარა და რკონს მიადგა. აქ ერთ კედელთან ხატს ბაწრები თავისით მოეხსნა და კედელზე დაეცა. მისი ნატერფალი დღესაც ატყვია ამ კლდეს. მერე ხატი ერთი დიდი ცაცხვის ხეზე შეფრინდა, მცირე ხანს დაჰყო და იქ დაბრუნდა, საიდანაც გაიტაცეს. ხარი კი თავისუფლად დადიოდა. როცა გარდაიცვალა, იმ ღამეს ერთ მოხუცს ღვთისმშობელი გამოეცხადა და უთხრა, სადაც ხარი მოკვდა იმ ადგილას ეკლესია აეშენებინა.  

ცაცხვის ხეს, რომელზეც ხატმა შეისვენა, ხალხმა „სალოცავი ხე“ უწოდა. ერთ ტოტსაც არავინ მოაცილებდა. როცა ვინმე ავად გაუხდებოდათ, მიდიოდნენ ცაცხვთან და ათვალიერებდნენ - აბა, ტოტი ხომ არ აკლიაო. თუ არ აკლდა, იმას ნიშნავდა, რომ სნეული განიკურნებოდა, თუ აკლდა - მაშინ კუბოს ამზადებდნენ. 

ის სამი ბიჭი, კი რომელიც ხარს მისდევდა, ქრისტეს რჯულზე მოექცა.

ჩაწერა სახელი