ია აბულაშვილი
(26.03.2020)

წმინდა ნინოს ლოცვით, მცხეთის ჯვრის ფერდობზე, ძუძუს წყაროსთან, მოიჭრა სასწაულმოქმედი ხე, რომლისგანაც სამი ჯვარი შეიქმნა. უფალმა ზეცაში აჩვენა გზები, თუ სად უნდა დაევანებინათ ეს ჯვრები. ზეციური სასწაულის მიხედვით, ერთი ვარსკვლავი მცხეთის ჯვარზე გაჩერდა, მეორე თხოთის მთაზე, მესამე კი უჯარმაში. ასე გადმოგვცემს წმინდა ნინოს მემატიანე წმინდა ნინოს ჯვრების ამბავს.

გადმოცემის თანახმად, ერთ კლდეზე იდგა ფრიად მშვენიერი და სურნელოვანი ხე, მრავალი სასწაული ისმოდა მასზე, ისარცემულ ნადირს რომ მიერბინა და ამ ხის ფოთოლი ან ნაყოფი ეჭამა, სიკვდილს გადაურჩებოდა.

როცა ამ ხის შესახებ გაიგო წმინდა იოანე ეპისკოპოსმა, მივიდა და იხილა სასწულმოქმედი ხე და ბრძანა "ამ ხის კეთილსურნელება მოასწავებს, რომ ღვთის მადლი მოეფინება ქართლის სამეფოს, ამ ხისგან უნდა მოიჭრას პატიოსანი ჯვრები".

ხარება დღეს მოჭრეს ხე. ასმა კაცმა ზურგით იტვირთა და წამოიღო. ოცდათექვსმეტი დღე ისე დაჰყო ხემ, რომ ფერი არ უცვლია და "მის ტოტებში ფოთლითა და ნაყოფით შეიმოსა".

ორი კვირის შემდეგ გაჰკვეთეს ხე, ოცი დღის შემდეგ კი მისგან სამი ჯვარი გამოკვეთეს. ამის შემდეგ ყოველღამე საკვირველ ხილვას ხედავდა ხალხი. ცეცხლის ჯვარი ჩამოეშვებოდა ზეციდან, დადგებოდა ეკლესიის თავზე, სადაც ჯვრები ესვენა "გვირგვინითა ვარსკვლოვანითა დაადგრეს ვიდრე განთიადამდე", ხოლო, როცა ირიჟრაჟებდა, ერთი ვარსკვლავი აღმოსავლეთით წავიდოდა, მეორე დასავლეთით. ეს სასწაული მრავალი დღე იხილვებოდა.

წმინდა ნინოს რჩევით, ამ ორ ვარსკვლავს კაცნი გააყოლეს, რომელთაგან გაიგეს, თუ სად გაჩერდებოდა ისინი, ერთი ვარსკვლავი თხოთის მთაზე გაჩერდა, სადაც მეფე მირიანი ქრისტიანად მოიქცა. მეორე ვარსკვლავმა კახეთს მიაღწია. წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი ჯვარი თხოთის მთაზე წააბრძანეს, მეორე ციხე-ქალაქ უჯარმაში აღმართეს. მესამე კი არაგვის გაღმა-ბორცვზე. მეფე მირიანს აქ მცირე ეკლესია აუშენებია, სადაც დაუსვენებია ჯვარი პატიოსანი.

მე-15 საუკუნეში ჯვარი ვერცხლის ფირფიტებით შეუმკიათ. ეს ჯვარი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

მეორე ჯვარი უჯარმისა, რომელიც ჯვარი პატიოსანის სახელით არის ცნობილი, ერთ დროს სოფელ ახმეტაში იყო დავანებული. ბოლშევიკების დრო კი, ანტირელიგიური მოძრაობისას დაიკარგა. წმინდა ნინოს ჯვრებს არაერთი სასწაული მოუხდენიათ, მრავალ უშვილოს მიეცემოდა შვილი, ვინც ჯვართან ახლოს მივიდოდა. შორიდანაც უსრულებდა თურმე სათხოვარს მავედრებლებს.

ჩაწერა სახელი