ია აბულაშვილი
(22.03.2020)

ანჩისხატი - მაცხოვრის ხატი, რომელიც შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშია, დღეს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ამ სახელგანთქმული ხატის მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩოს მოჭედილობა ეკუთვნის მე-12 საუკუნის ცნობილ ოქრომჭედელ ბექა ოპიზარს, რომლის მხოლოდ ორმა ნამუშევარმა მოაღწია ჩვენამდე.

მათგან ერთი არის წყაროსთავის სახარების გარეკანის მოჭედილობა, რომლის ერთ მხარეს „ვედრების“ კომპოზიციაა გამოსახული. ჩარჩოს დატანებული აქვს ასომთავრული წარწერა, რომლის მიხედვითაც, ცნობილია სახარების დამკვეთის ვინაობა - ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარი. მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორის არის წარწერა - „ქრისტე, შეიწყალე ოქრომჭედელი ბექაი ოპიზარი“. სახარება გადაწერილია 1195 წელს და მოჭედილობაც, სავარაუდოდ, ამ წლით თარიღდება. წყაროსთავის სახარების ყდის მოხატულობა ჯერ გელათის მონასტერში ინახებოდა, ამჟამად კი ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული.

ანჩისხატის მოოქროვილი ვერცხლის ჩარჩო თამარ მეფის ბრძანებითა და მისი სახსრებით მოუჭედავთ, რასაც ადასტურებს ჩარჩოზე დატანებული წარწერა - „ბრძანებითა და ნივთისა ბოძებით ღმრთივ გვირგვინოსანისა დიდისა დედოფალ დედოფლისა თამარისაითა. აქა და საუკუნესა მოიჭედა ხელითა ბექასითა. ქრისტე, შეიწყალე.“

ხატის ჩარჩო შემკულია „ვედრების“ კომპოზიციით. მარჯვნივ და მარცხნივ არშიების შუაში ღვთისმშობლისა და იოანე ნათლისმცემლის ფიგურებია გამოსახული. ზემოთ ორივე კუთხეში მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ფიგურებია. ცენტრში გამოსახულია საყდარი, სამეფო ტახტზე ამართული ჯვრით. ქვემოთ არშიებზე გამოსახული არიან პეტრე და პავლე მოციქულები და იოანე მახარობელი.

ჩაწერა სახელი