ია აბულაშვილი
(16.03.2020)

"მოჭედილია წმიდაი ესე ხატი ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩვუენისა ღვთისმშობლისა პიეტრიწონს, ორთა ხორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა, მოძღვრისა ათარნასეს და ოქროპირისა.

"წინაშე ხატისა, საკანდელითა ვერცხლისაითა. საბერძენეთის მეფობასა კეთილ მსახურთა მეფეთა ანდრონიკესს, ხოლო ქართლის კონსტანტინეს და დიმიტრისსა ბაგრატიონთასა დასაბამითგან წელთა.

"წმინდაო ღვთისმშობელო, შეიწირე მცირე ესე ძღვენი. ქრისტე ღმერთო, შეიწყალენ სულნი მათნი კაცთმოყვარე ამინ"- ასეთი წარწერა ამშვენებს ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ქართული ხატის ძველ პერანგს, რომელიც ასომთავრული ასოებით არის შესრულებული და თარიღდება 1311 წლით.

ქართული ხუროთმოძღვრების ეს უნიკალური ძეგლი ბულგარეთში, პეტრიწონის მონასტერი, 1083-1086 წლებში ტაოელმა ძმებმა გრიგოლ და აბაზ ბაკურიანელებმა ააშენეს. გრიგოლი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და სამხედრო მეთაური იყო ბიზანტიის კარზე.

პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსში, რომელშიც შედის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მისი ყველაზე დიდ სიწმიდედ დღესაც ღვთისმშობლის საკვირველმოქმედი ხატი ითვლება და იგი ტაძრის ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე არის დაბრძანებული.

ხატი ლუკა მახარაობლის მიერ არის დაწერილი, რომელიც საქართველოში ჩამოაბრძანეს. წერილობით წყაროების მიხედვით ხატი 1311 წელს ტაოლემა ძმებმა ათანასემ და ოქროპირმა პეტრიწონის მონასტერს შესწირეს, რომელიც ღვთისმშობლის ქართული ხატის სახელით არის ცნობილი. ეს ხატიც ისევეა გამორჩეული, როგორც ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი.

ორივე მხრიდან ხატი მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით. ხატის პერანგი გადაფარულია ვერცხლისგან მოოქროვილი აჟურული საპირეთი. ხატზე შესრულებული წარწერა კი ადასტურებს, რომ მე-14 საუკუნეში პეტრიწონის მონასტერი ქართველთა გამგებლობაში იყო, ბერად შემდგარი ტაოელი ძმები ათანსე და ოქროპირ ქართველები არიან. პეტრიწონში კი ხატის მობრანების თარიღი უკავშირდება გრიგოლ ბაკურიანის ძის მოღვაწეობის პერიოდს მონასტერში.

ხატი რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა განადგურებას. ერთხელ დამანგრეველ ხანძარს, როცა პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსის მთელი სიწმინდეები და განძი დაიწვა. შემდეგ დამპყრობლების ხელს.

გადმოცემის თანახმად, თურქთა შემოსევის დროს 1363-1393 წლებში ბერებმა ხატი გახიზნეს და დამალეს პეტრიწონის მახლობლად მდებარე ერთ კლდოვან გამოქვაბულში, რომელსაც "კლუბა" ერქვა.

მე- 17 საუკუნის დასაწყისში ერთმა მწეყემსა გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წელს აღდგომის დღეს ღვთისმშობლის ქართული ხატი დიდი საეკლესიო პროცესიით პეტრიწონის მონასტერში გადმოაბრძანეს.

ეს ტრადიცია დღემდე გარძელდება და ბულგარელი მორწმუნეები ყოველ წელს აღდგომის მეორე დღეს ხატით მსვლელობს აწყობენ. პეტრიწონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან მას "კლუბაში" მიასვენებენ, აქ ეწყობა სადღესასწაულო ღვთისმსახურება, ამის შემდეგ ხატს ისევ მონასტერში აბრუნებენ.

ჩაწერა სახელი