სკრის ხეობაში, რომელიც ისტორიულ ცნობებში 1756 წლიდან, მას შემდეგ, რაც ერეკლე მეფემ აქ ლეკთა ჯარი დაამრცხა, მეძლების სახელით მოიხსენიება, არაერთი უძველესი ეკლესია შემორჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც მე-9-10 საუკუნით თარიღდება.
სამეკლესიანი ბაზილიკა მაღლა ტყეში დგას. თავდაპირველად ერთი ეკლესია აუშენებიათ, შემდეგ კი მას ორი მომცრო ეკლესია მიუშენეს. ტაძრის სამხრეთ კედელში ჩაშენებული იყო კარი, რომელითაც სამივე ეკლესიაში შეიძლებოდა მოხვედრა. ეკლესიის დარბაზი მოზრდილი და კამაროვანი იყო.
ბნელეთის ეს ისტორიული ძეგლი დღეს მთლიანად მიწაშია ჩაფლული. მისი უნიკალური მხატვრობა, რომელიც მე-12-13 საუკუნეშია შესრულებული, ნადგურდება.
დარბაზის ორ რეგისტრში შემორჩენილია 12 მოციქულის ფიგურა მთელი ტანით, მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა 12 ფიგურაა გამოსახული. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ფასადზე სულიწმინდის მოფენის ფრაგმენტია შემორჩენლი, მის ქვემოთ 6 წმინდანის ფიგურა, დასავლეთი კედლის ნაწილში კი 10 წმინდანის ფიგურაა გამოსახული.
მხატვრობა შესრულებულია ცისფერ, უნისფერ და ყვითელ ფერებში. აღმოსავლეთი ფასადზე, სარკმლის გვერდით ყოფილა წარწერიანი ქვა, რომელიც დღეს აღარ იკითხება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე