ია აბულაშვილი
(07.08.2020)


ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი, რომელიც მდებარეობს აფხაზეთში, სოფელ ლიხნში მე-10 მე-11 საუკუნით თარიღდება. ტაძარი მდიდრულად ყოფილა მოხატული, ბიბლიური სიუჟეტებით, ფრესკებს კი თან ახლდა ქართული ასომთავრული და მხედრული წარწერები ბაგრატ მეოთხის, გიორგი მესამის, ვაჩე პროტოსპათარის, ბაგრატ მეოთხის წარმომადგენლის ბიზანტიის საიმპერატორო კარზე, მოხსენიებით. პირველად ტაძარი მოუხატავთ მე-10 მე-11 საუკუნის მიჯანზე.

ლიხნის ღვთისმშობლის ტაძრის სიძველეები პირველად ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ შეისწავლა. 1848 წელს მან გადმოწერა ტაძრის ძველი ქართული წარწერები. მოგვიანებით ტაძარი აღწერეს დიმიტრი ბაქრაძემ და ექვთიმე თაყაიშვილმა.

ამ უნიკალური წარწერებიდან, აღსანიშნავია ტაძრის ქარედის სამხრეთი კედლის მთელ სიგანეზე დაყოლებული ფრესკული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს 1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ.

"ქ. კურთხეულ ხარ ღმერთო, ყოვლად ყოვლისა შინა. ესე იქმნ დასაბამთაგან წელთა ხქით, ქორონიკონსა, სპი, მეფობასა ბაგრატ გიორგის ძისა, ინდიკტონს აპრილს, თუესა, ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელ მისსა წიაღსა აღმოივლიდის და წინა მისსა, ვითარცა შარავანდი დიდი, მოკიდებით მასვეა, ესე იქმნა ბზობათაგან აღვსებამდის".

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ლიხნის ტაძრის ამ ფრესკულ წარწერაში მოხსენიებულია მეფე ბაგრატ გიორგის ძე, ბაგრატ მეხუთე. კომეტის გამოჩენა კი აღწერილია სრული სიზუსტით, მოცემულია სამი თარიღი, დასაბამთაგან, ინდიკიონი და ქორონიკონი, თვისა და დღეების აღნიშვნით. თავად მარი ბროსე კი წერდა, რომ 1066 წელს აღდგომა დადგა 16 აპრილს, ბზობა 9 აპრილს, ანუ კომეტის გამოჩენის პერიოდია 9-დან 16 აპრილამდე.

1066 წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის შესახებ მოთხრობილია კიევის სამთავროს მატიანეში და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაში, ხოლო კომეტის გამოსახულება, საზარელი ურჩხულის სახით, ნორმანდიის დედოფალს მატილდა ფლანდრიელს ამოუქარგავს მის მიერ მოქსოვილ ხალიჩაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე