ია აბულაშვილი
(16.07.2020)


მამკოდის მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში, სოფელ მამკოდში მდებრეობს, მე-9 საუკუნით თარიღდება. ეკლესიის დანგრევის შემდეგ მე-19 საუკუნის 50-იან წლებში მის ადგილას აშენდა სამონასტრო კომპლექსი, რომელშიც შედიოდა ორი ეკლესია, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის სახელობის. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი 1924 წელს ბოლშევიკებმა ააფეთქეს. მისგან დარჩა მხოლოდ ორი ბოძი, ნიშებიანი კედელი და ქვის გალავნის ფრაგმენტები.

გადმოცემის თანახმად, ძეგლის სახელი დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ოდითგანვე ის ბრძოლებისა და შერკინების ადგილი ყოფილა. ერთ-ერთი ასეთი ბრძოლის წინ, დავით აღმაშენებელს ამ ეკლესიაში ულოცია, აქ აღევლინა ბრძოლის წინ ღამისთევის ლოცვა; გამთენიისას მეფემ წარმატებთი მოუგო ბრძოლა მოწინააღმდეგეს, მაგრამ თავისი მეომრები დახოცილები რომ უნახავს, სოფელი კი აოხრებული, ამის შემხედავს უთქვამს „გული დამიკოდაო". აქედან მოდის სოფლისა და ეკლესიის სახელი.

გზა, რომელზეც ეკლესია იდგა, კახეთთან დამაკავშირებული ერთადერი გზა იყო, რომელითაც მეფეები დაბრძანდებოდნენ. სწორედ ამ გზით გადმოასვენეს კახეთიდან სვეტიცხოველში ერეკლე მეფე.

მამკოდის ღვთისმშობლის ეკლესია, ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა იყო, ნაშენი ნატეხი ქვით. ნაგებობას უნიკალურობას მატებდა ის, რომ რვაწახნაგა გუმბათის ყელის თითოეულ წახნაგში გაჭრილი იყო სარკმელი. გუმბათი ორ მრგვალ ბოძს ეყრდნობოდა. სავარაუდოდ ეს ორი ბოძია დღეს შემორჩენილი. ეკლესიას ორ რგიად დაწყობილი ლავგარანი ჰქონდა.

წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ბოლშევიკებს გადაურჩა, რიყი ქვით იყო ნაშენი. ეკლესიის სახურავის ოთხ წახნაგზე გამოყვანილი იყო ტოლმკლავი ჯვრები. დასავლეთ ფასადზე კი მიშნებული იყო სამრეკლო, რომელის პირველი სართული ეკლესიის კარიბჭედ ითვლებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე