შეიძლება გაიზარდოს მოსახლეობის შიდა და გარე მიგრაცია
გვანცა წულაია
(19.05.2020)

საქართველოში, პანდემიის გამო, უმუშევრობა გაიზრდება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს ყოველთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა იყო და ამ მხრივ ვითარება უფრო მეტად დამძიმდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ პანდემია საქართველოში არსებულ უმუშევართა სტატისტიკას საგრძნობლად გაზრდის, მისი შემცირება კი დიდ დროსა და რესურსს მოითხოვს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 11.6% იყო. პანდემია არსებულ სტატისტიკას, ბუნებრივია, გააუარესებს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უმუშევრობის 5-10%-იან მატებას ელიან. რასაკვირველია, იგივე ტენდენცია იქნება საქართველოშიც, თუმცა განსხვავება ისაა, რომ სხვა ქვეყნები, ჩვენთან შედარებით, უმუშევრობის შემცირებას უფრო სწრაფად მოახდენენ, მათი მაღალი რესურსებიდან გამომდინარე. 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ პანდემიამ, პირველ რიგში, დასაქმებულ ადამიანებს დაარტყა. 

“პირველ რიგში, უმუშევრობა საბაზრო ეკონომიკისთვის თანმდევი, პერმანენტული პრობლემაა. მეორეც, საქართველოსთვის დასაქმების საკითხი განსაკუთრებით მწვავეა და ამის ირიბი დადასტურება ისაა, რომ ჩვენი ქვეყნიდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, 1 მილიონ 200 ათასი ადამიანია გასული და მათი დიდი ნაწილი - ეკონომკური მიზეზებით. გაეროსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, არსებული უმუშევრობის დონე, მსოფლიოში საშუალოდ 2,8%-ით გაიზრდება, პანდემიამდე პერიოდთან შედარებით. ანალოგიურ მდგომარეობას უნდა ველოდოთ საქართველოში. 

კრიზისის რეცესია რამდენ ხანს გასტანს და წარმოების ამუშავებასა და გამოცოცხლებას როდის შევძლებთ, ეს დამოკიდებულია წლის განმავლობაში უმუშევართა საშუალო რიცხოვნობაზე. ჯერჯერობით ეს მაჩვენებელი სამუშაო ძალის თითქმის მესამედზე მაღალია. რადგან პანდემიის დაწყებიდან ჯერ შედარებით ხანმოკლე პერიოდია გასული, ვიმედოვნებ, რომ მესამე და მეოთხე კვარტლებში გვექნება შესაძლებლობა, ასე თუ ისე შევამციროთ უმუშევართა რაოდენობა და წლის ბოლოსთვის თუ იმ დონეზე ვერ გავალთ, რაც 2019 წლის დასასრულს იყო, მნიშვნელოვნად მაინც მივუახლოვდეთ”, - განაცხადა “რეზონანსთან” სოსო არჩვაძემ. 

მისივე თქმით, “კორონავირუსმა ყველა კარტი არია”. მართალია, საქართველოში, 2009 წლიდან მოყოლებული, უმუშევრობა მცირდება, მაგრამ იმ სტატისტიკურ მონაცემზე მაინც არ უნდა იყოს, როგორზეც ახლაა. 

“საერთოდ, რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, უმუშევრობის დონე დაბალია, მაგრამ კორონავირუსმა ყველა კარტი არია. საქართველოში უმუშევრობის დონე მცირდება. 2009 წელს მისი მაჩვენებელი დაახლოებით 18% იყო, შარშან - 11,6%, ანუ ბოლო 10 წლის განმავლობაში უმუშევრობა თითქმის 1,5-ჯერ არის შემცირებული. ზოგადად ეს ტენდენცია კიდევ უნდა გაგრძელდეს და ჩვენნაირი ქვეყნისთვის შეიძლება, ნორმალურად ჩაითვალოს, მაქსიმუმ, 6-7%-იანი მაჩვენებელი. ყოველი ზედმეტი პროცენტი უკვე ქმნის ეკონომიკურ დისკომფოტრს და მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უბიძგებს შრომითი მიგრაციისაკენ", - დასძინა “რეზონანსთან” სტატისტიკოსმა. 

უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობა ახლა რთულ ვითარებაშია. მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, საკმაოდ დიდია. აფბა-ს ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ გაჩერებული ეკონომიკის პირობებში, ბუნებრივია, უმუშევარობის დონე გაიზრდება. ყველაზე მნიშნველოვანი კი ისაა, რომ მთავრობამ სწორი დასკვნები გამოიტანოს დღეს არსებული რეალობიდან და პანდემიის შემდგომი გამოწვევებისგან. 

“უმუშევრობის საკითხი თავისთავად, დაკავშირებულია პანდემიის პირობებში მთელი ეკონომიკის გაჩერებასთან. პრაქტიკულად ყველაფერი გაჩერდა და უმუშევრობის დონის მომატება არ არის გასაკვირი. ჩვენს პირობებში, როდესაც წარმოება ისედაც არ გვქონდა, შეიძლებოდა, ნაკლები პრობლემები შექმნილიყო, რადგან რეალურად არც არაფერი იყო გასაჩერებელი, თუმცა ის მომასახურების სფეროებიც გაჩერდა, რომლებზეც ეკონომიკა იყო აწყობილი. 2008 წელს, როდესაც არანაკლები კრიზისი იყო, საგარეო დახმარებებმა გადაარჩინა ქართული ეკონომიკა. პრობლემები პრაქტიკულად გაანეიტრალა იმ დახმარებამ, რომელიც საქართველოს გამოუყვეს 4,5 მილიარდი დოლარის სახით. მსგავსი სიტუაცია შეიძლება იყოს ახლაც. 

ველით ძალიან დიდ დახმარებებს. მთავარია ის, თუ რამდენად სწორად განკარგავს მთავრობა მიღებულ თანხებს. არ მინდა მოხდეს დაახლოებით იგივე რამ, რაც მოხდა 2008 წელს. მაშინდელი მთავრობის მხრიდან სწორი დასკვნები რომ გაკეთებულიყო, დღეს ქვეყანა გაცილებით უკეთ მომზადებული შეხვდებოდა პანდემიას თუ სხვა ტიპის გამოწვევას. რაც შეეხება მსოფლიოს, ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს შეექმნებათ პრობლემა იმ კუთხით, რომ "შავი ოქრო" გაიაფდა და მოთხოვნა შემცირდა. ჩვენ ასეთი გამოწვევები არ შეგვაწუხებს. ვერც ისეთ დარტყმას მივიღებთ როგორიც აქვს მანქანათმშენებელ და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიულ ქვეყნებს, რადგან, სამწუხაროდ, არც მსგავსი მიმართულება გაგვაჩნია. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იყო ორიენტირებული მომსახურებაზე, ხოლო მოსახლეობის დაახლოებით 50% არის თვითდასაქმებული. აქ საუბარია მგზავრების გადაყვანასა და სხვადასხვა წვრილ მომსახურებაზე. მსგავსი სექტორები ძალიან მალე აღიდგენს თავს, რადგან ასეთი სერვისები მოთხოვნადია. ამიტომ აღდგენისთვის ხანგრძლივი ვადა არ იქნება საჭირო”, - განუცხადა “რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.

ჩაწერა სახელი