გიორგი ჯიბლაძე: "ყველაფერმა უნდა გაგვიყვანოს შედეგზე, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაში გამოიხატება"
ნინა გარდაფხაძე
(18.05.2020)

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პოსტპანდემიური პერიოდისათვის, ანტიკრიზისული გეგმა - ,,ზრუნვა სოფელსა და ფერმერებზე" -  წარადგინა. მიზანი, ფერმერების დახმარება და ადგილობრივი პროდუქციის წილის გაზრდაა. მასშტაბური გეგმის დეტალებზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძემ ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერების მხარდასაჭერად ახალ პროექტებს იწყებს და მიმდინარე პროექტებში ცვლილებები შეაქვს. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სოფლის მეურეობის მიმართულებით ანტიკრიზისული ღონისძიებები განხორციელდება.

შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებს სასოფლო-სამეურენო მიწის მესაკუთრე ყველა ფერმერი. უკვე მობილიზებულია 37 მლნ ლარი, რითაც ფერმერები შეიძენენ სასუქებს, მცენარეთა დაცვის  და მოვლის საშუალებებს, სათესლე და სარგავს მასალებს, გადაიხდიან ხვნის სამუშაოების საფასურს. 

სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით, ფერმერები შეღავათიან ფასად შეიძენენ 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობის დიზელის საწვავს - არსებულ ფასზე 1 ლარამდე ფასდაკლებით.

ფერმერებს სრულად ჩამოეწერებათ 8 მლნ ლარის ოდენობის დავალიანება, რომელიც სამელიორაციო მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო 2012-2019 წლებში დაუგროვდათ. მიმდინარე წელს, რომელიც ყველაზე რთული წელი იქნება, ფერმერების მიერ სამელიორაციო მომსახურების 1 ჰექტარზე 75 ლარამდე საფასურს სახელმწიფო გადაიხდის.

რა იქნება კონკრეტული შეღავათი ფერმერებისათვის და როგორ შეძლებენ ისარგებლონ იმ სიკეთით, რომელსაც მათთვის სპეციალური სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს, მოსახლეობას ყველაზე მეტად ეს აინტერესებს. ახალი, ანტიკრიზისული გეგმის დეტალები ,,ბინზეს-რეზონანსთან“, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ განმარტა. 

"რეზონანსი": პირველ რიგში, საინტერესოა ახალი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით რა იქნება მთავარი ცვლილება და სიკეთე, რითიც სოფლად მცხოვრები ადამიანები ისარგებლებენ? 

გიორგი ჯიბლაძე: პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სუბსიდია, რომელიც გაიცემა სასოფლო-სამეურნეო მიწის მეპატრონეებზე.  მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა მხარდაჭერაა. 

პროგრამა ითვალისწინებს 0.25 ჰა-დან - 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრეების სტიმულირებას სასოფლო-სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირების გზით. გლეხებს აგრობარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ეკვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია. „აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით“  ფერმერები  მიიღებენ დიზელის საწვავის ბარათებს,  მნიშვნელოვანია რომ ფასდაკლება დიზელის საწვავზე თითქმით 1 ლარამდეა.  პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალიწინებულია ერთ ჰექტარზე  150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გადაცემა.

ამავდროულად აღსანიშნავია, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სამი მიმართულებით დაფინანსება. პირველი მიმართულება ეს არის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციისა და მისი იმპლემენტებისათვის; მეორე - დაფინანსება სასათბურე მეურნეობებისათვის, ხოლო მესამე მიმართულება არის, წვეთოვანი სარწყავი სისტემის დაფინანსება ერთწლოვანი კულტურებისათვის. პრინციპი სამივე შემთხვევაში არის ერთი, არაუმეტეს 50 000 ლარისა და არა უმეტეს, 50%-იანი თანამონაწილეობისა სახელმწიფოს მხრიდან. 

"რეზონანსი": ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, სწორედ შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამაა ფერმერებისათვის. დეტალურად და ბენეფიციარებისათვის გასაგებ ენაზე რომ მოუყვეთ მკითხველს, რა გზა უნდა გაიარონ მათ, ე.წ. იაფი ფულის მოსაპოვებლად? 

გიორგი ჯიბლაძე: პირველ რიგში, მათ უნდა მიმართონ საფინანსო ინსტიტუტს, მარტივად და გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბოს რისთვის სჭირდება თანხა და რა საქმის წამოწყებას აპირებს. ბანკი განიხილავს მის განაცხადს და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ის მიიღებს დაფინანსებას კრედიტის სახით. 

შეღავათიანი აგრო კრედიტი არის შეღავათიანი ფული. ჩვენ ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან, რომლებიც ახორციელებენ სესხების გაცემას.  პროექტის დაწერა აუცილებელობას არ წარმოადგენს. მთლიანობაში სესხები გაიცემა 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სახელმწიფო მოახდენს 6 თვის საპროცენტო განაკვეთის სრულად დაფინანსებას უზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში, ხოლო არაუზრუნველყოფილი სესხების შემთხვევაში - წლიური 17%-ის მოცულობით. პროექტის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო პირველად ახდენს პროცენტის სრულად თანადაფინანსებას. აღნიშნული მეტ სტიმულს მისცემს ფერმერებს, დაამუშაონ მიწები და ერთწლოვანი კულტურები მოიყვანონ.

,,რეზონანსი“: არა მხოლოდ საქართველოსათვის, ყველგან გამოწვევად ითვლება, აგროდაზღვევა სოფლის მეურნეობის დარგში. სწორედ კრიზისმა დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია რისკების გადაზღვევა. ამ კუთხით, რა ინიციატივა აქვს სახელმწიფოს და რა კონკრეტული ნაბიჯებია დაგეგმილი აგროდაზღვევის მიმართულებით?

გიორგი ჯიბლაძე:  მართალია, აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და ამის უნივერსალური წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს.

ჩვენი პროგრამით ფერმერებს შეეძლებათ სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან თუ საშემოდგომო ყინვისგან მრავალწლიანი კულტურები 3 წლის განმავლობაში დააზღვიონ. პროგრამა მარცვლეულის შემთხვევაში მაქსიმუმ 30 ჰა-მდე ტერიტორიაზე, სხვა დანარჩენ კულტურებზე კი 5 ჰა-მდე ტერიტორიაზე ვრცელდება. ვაზის შემთხვევაში დაზღვევის თანხის ნახევარს, 50%-ს  სახელმწიფო ფარავს, სხვა შემთხვევაში კი - 70 პროცენტს. პროგრამაში გათვალისწინებულია კოოპერატივებიც. ამ ტიპის გაერთიანებას მაქსიმუმ 50 ათასი ლარის პრემიის მიღება შეუძლია.

აქ მნიშვნელოვანია ჩვენი თანადაფინანსება. ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად მიიჩნევა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

,,რეზონანსი“ : რა არის ანტიკრიზისული გეგმის მიზანი და რომელია ყველაზე მნიშვნელობანი კომპონენტი?

გიორგი ჯიბლაძე: ჩვენი მიდგომა არის სისტემური და არ შეიძლება ანტიკრიზისული გეგმის რომელიმე პუნქტის ცალკე განხილვა, ყველაფერმა ერთად, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარადგინა, უნდა გაგვიყვანოს შედეგზე, რომელიც, ერთი მხრივ, ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილება, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდა იქნება და ეს გზა, აუცლებლად გადის ფერმერთა დახმარებაზე. 

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერებს, მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ისე სტანდარტიზება, რომ შეეძლოთ მისი საერთაშორისო ბაზრებზე გატანა. ამიტომ, ხელს ვუწყობთ თანადაფიანანსებით სტანდარტების დანერგვას და ადგილობრივი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასვლას.

,,რეზონანსი“: ყველა ცვლილება, რომელიც შეეხება სოფლის მეურნეობას, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. რას მოიცავს ბიუჯეტის სუბსიდირებისა და გრანტების ის პაკეტი, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესთავაზა ფერმერებს? 

გიორგი ჯიბლაძე:  ბუნებრივია, გამოწვევები ახალია, შესაბამისად თანხები ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა ამ პროექტებისათვის. მცირემიწიანი ფერმერების დახმარება, იაფი დიზელი,მორწყვის ღირებულებისგან გათავისუფლება, 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის, აგროდაზღვევა და სხვა პროექტები, შემუშავებულია სწორედ იმისათვის, რომ ანტიკრიზისული გგემა შეეხოს ყველას, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

გეგმის კომპონენტები და მიმართულებები, რიცხვებში ასე გამოიყურება: მცირემიწიანი ფერმერების დახმარება - 37 მლნ ლარი; იაფი დიზელი - 40 მლნ ლარი; მორწყვის ღირებულებისგან გათავისუფლება - 13 მლნ ლარი; 50%-იანი გრანტი აგროწარმოებისთვის - 23 მლნ ლარი; საბანკო შეღავათები - 74 მლნ ლარი; საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა - 1,5 მლნ ლარი; აგროდაზღვევა - 9 მლნ ლარი; მერძევეობის ხელშეწყობა - 42 მლნ ლარი;

ჩაწერა სახელი