ბიზნესისთვის რთული პერიოდი ახლა იწყება და 2-3 თვეში გამოჩნდება ვინ გადარჩება და ვინ - ვერა
თამარ მუკბანიანი
(18.05.2020)

რამდენიმე დღეში ქვეყანა ორთვიან საგანგებო რეჟიმს დაასრულებს და შესაბამისად, ეკონომიკური შეზღუდვებიც მოიხსნება. მიუხედავად მკაცრი რეგულაციების გაუქმებისა,  ბიზნესსს მძიმე მოლოდინი აქვს. ქვეყნის წამყვანი ბიზნესმენები აცხადებენ, რომ ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი და ქართული ეკონომიკა ჩაძირვას გააგრძელებს, პანდემიამდელი ვითარების დაბრუნებას კი ქვეყანა დაახლოებით 2 წელს მოანდომებს. 

22 მაისიდან მოხსნილი საგანგებო რეჟიმი მოსახლეობისათვის ეკონომიკის ამოქმედების მოლოდინთანაა დაკავშირებული. მსოფლიო კი დიდი ეკონომიკური კრიზისის მოლოდინშია, რომელიც პოსტპანდემიურ პერიოდში დაიწყება, როგორი იქნება ახალი სასტარტო პირობები ქართული ბიზნესისათვის და რა ზარალით ხვდება ქართული ეკონომიკა საგანგებო რეჟიმის მოხსნას, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ქართველი მწარმოებლები საუბრობენ. 

ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიის „ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის" ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ პანდემიამდელ ნიშნულთან დასაბრუნებლად, ქართულ ბიზნესს მინიმუმ ორი წელი დასჭირდება. 

"დღეს ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაშია. ჩვენი ბიზნეს ჯგუფი, რამდენიმე სექტორშია. სადღაც აბსოლუტურად ნულიდან გვიწევს, სადღაც შედარებით უკეთესია მდგომარეობა, თუმცა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვითარება ყველგან რთულია. სატრანსპორტო დარგში დღეს შედარებით უკეთესია სიტუაციაა, ვიდრე, მაგალითად, სავაჭრო მოლში, რომელიც ჩვენს მფლობელობაშია და მთლიანად გაყინულია, მაგრამ პირველ შემთხვევაშიც 2-3 თვეში ველით რეალურ შედეგსაც. 

არ ვიცი რამდენი ობიექტი შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და ფართის დაქირავებას. დღევანდელი მდგომარეობა კიდევ არ არის ისეთი ტრაგიკული, როგორიც მოლოდინი. მე ასევე ვარ ღვინის მწარმოებელი და საექსპორტო ბაზრებზე, ზოგადი შემცირების გამო, იქაც უარყოფითი მოლოდინი მაქვს. წარმოება ჭარბია ელექტროენერგიის გამომუშავებაშიც და ხელოვნურად გვიწევს შემცირება.  

ზოგადი სურათი რომ შევაჯამო, კარგი და საიმედო სიტუაცია არსადაა. ჩემი პროგნოზით, თებერვლის ნიშნულზე დასაბრუნებლად, ორი წელი იქნება საჭირო, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიის მეორე და მესამე ტალღა არ ექნება“, - უთხრა იაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“. 

ბიზნესმენი განმარტავს, რომ მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი და ქართული ეკონომიკა ჩაძირვას კვლავ გააგრძელებს.

"მართლა ძალიან რთულია მთავრობას რამე რჩევები მისცე და სასაცილოცაა, როცა ამბობენ, რომ საერთაშორისო პრაქტიკის პირდაპირი გაზიარება უნდა მოხდეს. ჩვენ, ბუნებრივია, არ გვაქვს ის ფუფუნება, რაც, მაგალითად, აშშ-ს, რომელიც დოლარის ემისიას ახდენს. არც უსაფრთხოების ბალიშები გვაქვს ისეთი, როგორიც ნავთობმომპოვებლებს. ამიტომ, ახლა მთავარია ნასესხები ფული დავხარჯოთ სწორად. 

ფულს, როგორც ჩანს ჯერჯერობით გვაძლევენ, მთავარია, ეს თანხები არ მოხმარდეს მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს. გასაგებია საარჩევნო წელი და  სოციალური მდგომარეობა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია თანხა ისესხო და კაპიტალურ ინვესტიციებში არ დახარჯო. ბიზნესის მთავარი პრობლემა იქნება დეკაპიტალიზაცია და ამ მხრივ მთავრობამ რა უნდა მოიმოქმედოს, ეს იქნება მნიშვნელოვანი. აშშ მეორად ბაზარში ,,ასხამს“  ფულს, ჩვენ ესეც არ გვაქვს. სწორი იქნება რომ მთავრობა თავისი ინსტრუმენტებით, მაგალითად როგორიც საპარტნიორო ფონდია, კაპიტალში შევიდეს და გაამაგროს იმ კომპანიების პოზიციები, რომლებიც ყველაზე მეტ დამატებით ღირებულებას ქმნიან და რომელთა მუშაობაშიც ყველაზე ნაკლები იმპორტშემცველი კომპონენტია. 

სამუშაო ადგილები პირდაპირ მიბმულია, კაპიტალიზაციასთან. სესხის სახით ჩვენ, სამწუხაროდ, მხოლოდ 1-2 მლრდ არ გვეყოფა, ეს იქნება მინიმუმ 5-6 მლრდ და ამდენს ვინ გვასესხებს და როგორ ვისესხებთ, რთულად წარმოსადგენია. ეს ყველაფერი თეორიაა და სხვა არის შესაძლებლობები, რომლებიც რეალურად გვაქვს. 

კლება იქნება და გვაქვს. ეს ჯერ კიდევ არ არის ფსკერი და სანამ იქამდე არ ჩავალთ, არ გვეცოდინება რამდენად ღრმად ჩავიძირეთ. მე პირადად ეკონომიკის  5.5%-იანი ვარდნა ოპტიმისტური მეჩვენება“, - განუცხადა ირაკლი იაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

უარყოფითი მოლოდინია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც, 2020 წლის განმავლობაში, 2019 წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებოს მოცულობა სავარაუდოდ, 500 მილიონი დოლარის შემცირდება და ის, დაახლოებით, 770 მილიონი დოლარი იქნება.

ბიზნესმენი, ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ საგანგებო რეჟიმის დასრულების შემდეგ, მთავარი გამოწვევა ბიზნესისათვის, ლარის კურსის გაუფასურებაა, რაც ისედაც რთულ ვითარებაში, კიდევ მეტად ამცირებს მსყიდველუნარიანობას. მეწარმე მთავრობის მიერ დაწესებულ შეღავათებსაც აანალიზებს. 

,,წარმოება, ეს არ არის იყიდე დღეს და გაყიდე ხვალ. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, რომელსაც სტაბილურობა სჭირდება. როდესაც ვგეგმავთ 2.75-2.80-ზე და შემდეგ გვიწევს პროდუქციიდან შემოსავლების მიღება კურსით 3.20-ზე ისე, რომ ჩვენ პროდუქციის ფასი არ გაგვიძვირებია, გამოდის, რომ მინიმუმ, 10-12%-ს უკვე ვაგებთ კურსთაშორის სხვაობის გამო. რომ გადავხედოთ შარშანდელ, შარშანწინდელ ფასებს, აღმოვაჩენთ, რომ თითოეულ წარმოებას, ყველა კომპანიას, კურსთაშორის სხვაობაში აქვს ზარალი. ეს არ არის პატარა რიცხვი, 3-4 მილიონია თითოეული კომპანიისთვის.

შეღავათების ნაწილში შეიძლება ნაწილობრივ დავეთანხმოთ მთავრობის გეგმას, მაგრამ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი ბიზნესისთვის. წარმოებაში არ მეგულება ფინანსურად გამართული კომპანი და ამ მიმართულებით საფიქრალი აქვს ხელისუფლებას“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჩოჩელმა.

ჩაწერა სახელი