ძირითადად სამუშაო ადგილები დაიკარგება მცირე და საშუალო ბიზნესში
სანდრო მდივანი
(02.04.2020)

კორონავირუსისგან შექმნილმა ვითარებამ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სამუშაო უკვე დააკარგინა. უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ზოგიერთი ნაქირავებ სახლშია და არავინ იცის რას უპირებს სახელმწიფო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს. ეკონომიკის სამინისტრო საკითხზე მუშაობს და ყოველდღიურად მიმდინარეობს კონსულტაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაეხმარონ ამ ადამიანებს, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა ძალიან გაჭირდება.

ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს და ეს მხოლოდ  კომუნალური გადასახადების დაფარვაში არ უნდა გამოიხატებოდეს. ჯერჯერობით პროგნოზს ვერავინ აკეთებს, როგორ დაეხმარებიან სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, საქართველოში დასაქმების კულტურა სხვაგვარია, ამიტომაც აქ რაიმე მექანიზმის მოფიქრება უფრო მეტად გაჭირდება.

„რას გააკეთებენ ეს არ ვიცი. საქმე ისაა, რომ საქართველოში დასაქმების კულტურა განსხვავებულია იმ ქვეყნების სტრუქტურისაგან, რომლებმაც პაკეტები უკვე შემოიღეს, მაგალითად აშშ, საფრანგეთი და ა.შ. ჩვენთან თითქმის ერთნაირია თვითდასაქმებისა და დაქირავებით დასაქმების თანაფარდობა. იმის გათვალისწინებით, რომ დაქირავებით დასაქმებულებშიც საკმაოდ დიდი წილი უკავია საჯარო სექტორში მომუშავეებს, ამიტომ ძირითადი შემცირება მოხდება მცირე და საშუალო ბიზნესში. 

დახმარების მხრივ პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უკვე გადადგა, ეს  აუცილებელი იყო. მაგრამ არასაკმარისი პირობაა, რომ კრიზისი უმუშევარი ადამინებისთვის შედარებით იოლი აღმოჩნდეს. საჭიროა ერთჯერადი დახმარება (ფულადი გზავნილი), რომელიც მათ  ყველაზე რთულ პეროდში დაეხმარება პირველადი საგნების შესაძენად. დანარჩენი კი ვადროვოთ აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომლებიც ახლა 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. 

არ ვიცი მათ რამდენი დრო დასჭირდებათ უმუშევრთა რაოდენობის დასადგენად, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ხელისუფლება ახლა ნამდვილად მყისიერად მოქმედებს. პრობლემის გაჩენიდან  მის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯემამდე მცირე დრო სჭირდებათ“, - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

საქართველოში ყოველთვის იყო პრობლემა სამუშაო ადგილები, თუმცა ბოლო პერიოდში ისიც გამოჩნდა, რომ დასაქმებული დიდი ნაწილი დამოკიდებული იყო ყოველდღიურ ანაზღუარებაზე. აქედან გამომდინარე, ისინი დღეს სოციალურად დაუცველ ფენას უთანაბრდებიამ და სახელმწიფოს ძალიან დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევს უმუშევრად დარჩენილი ადამიანების ყოფის შესამსუბუქებლად.

ეკონომიკის დოქტორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ უმუშევრება ქვეყნის დიდი პრობლემა იყო მუდმივად, თუმცა ახლა უკვე ყველა უმუშევარია და რასაკვირეველია დახმარებას ითხოვენ.

„საერთოდ, უმუშევრობა რომ ქვეყნის დიდი პრობლემა იყო, ეს ყოველთვის ჩანდა.  ახლა აღმოჩნდა,  რომ ასე თუ ისე ყველა სადღაც მუშაობდა და ყველა ითხოვს სახელმწიფო დახმარებას. ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი სიტუაცია, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილები დაიკარგა. ალბათ სახელმწიფო რაღაც მინიმალურ სოციალურ პაკეტს გამოყოფს. იმის ილუზია, რომ ვინც დროებით უმუშევარი დარჩა მას სრულად აუნაზღაურდება დანაკარგი, რასაკვირველია, არვის უნდა ჰქონდეს. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია.

ფაქტია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებული ყოფილა და ყველას ოჯხში შეჰქონდა რაღაც, თუმცა არავინ იცის რა ვადით დარჩნენ ისინი უმუშევრები. ამ შემთხვევაში  სახელმწიფომ ან ყველა მოქალაქეზე უნდა გადაანაწილოს გარკვეული თანხები, რაც შეუძლებელია ან  ბიზნესი უნდა დაეხმაროს. 

ისიც რთულია, რომ ვთქვათ, ბაზა შექმნან, რადგან მის შექმნას ერთი თვე მაინც დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში რაღაც შემოსავალი აუცილებელია. ამ შემთხვევაში სწრაფი და ქმედითი გადაწყვეტილებაა მისაღები, ალბათ ნაფიქრიც აქვთ როგორ შეძლებენ ამ პრობლემის გადაჭრას", - აღნიშნა "რეზონანსთან აროშიძემ.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა ადასტურებს, რომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს საკითხზე, თუმცა რეალობას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს და ეს რეალობა არის ის, რომ ადამიანების ნაწილი სამუშაო ადგილებს დაკარგავს.

„ჩვენი ანტიკრიზისული ეკონომიკური პაკეტი და ღონისძიებები მიმართულია ორი მიმართულებით: პირველი - ეს არის დაზარალებული ბიზნეს-სექტორები და მათთვის საკმაოდ ტევადი ღონისძიებები იქნა შეთავაზებული, სესხების რესტრუქტურიზაციით დაწყებული, პროცენტის თანადაფინანსებით დამთავრებული; მეორე და მთავარი ობიექტი არის მოსახლეობა და ის ადამიანები, ვინც მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, დაკარგავენ სამსახურს. ეს ასეა, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. ჩვენ შევდივართ კრიზისში და ვიდრე ეკონომიკა არ "ამოიქოება" კრიზისამდელ პერიოდამდე, სირთულეები იქნება და ეს პრობლემებს შეუქმნის დასაქმებულებსაც“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით,, ბევრი კომპანია იჩენს პასუხისმგებლობას და ცდილობს, დასაქმებულები შეინარჩუნოს, თუმცა ამას ყველა ვერ მოახერხებს.

ჩაწერა სახელი