თამარ მუკბანიანი
(01.04.2020)

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერმა ისაუბრა, თუმცა კვლავ არ არის ზუსტად ცნობილი, სოციალური პაკეტების გარდა, რას მოხმარდება საბიუჯეტო სახსრები. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ პრიორიტეტი, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი მრეწველობა და ის კომპანიები უნდა იყვნენ, რომლებმაც პანდემიის დროს, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს.

დიდი ხანია, აკადემიურ წრეებში, სხვადასხვა მთავრობას ურჩევენ, რომ ადგილობრივ წარმოებაზე მეტი აქცენტი გაკეთდეს, რადგან ტურიზმზე და მომსახურეობაზე ორიენტირებული ქვეყნისათვის ეკონომიკური სტაბილურობა შეუძლებელია. ამ მოწოდებებს ყოველთვის ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. პანდემიამ კი, რომელმაც მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა, უფრო მეტად გამოაჩინა, სამამულო წარმოების მნიშვნელობა. 

პრემიერ-მინისტრმა 2 მლრდ ლარის გამოყოფის შემდეგ, იმ ძირითად აქცენტებზე ისაუბრა, თუ საით უნდა მიიმართოს ფინანსები. გახარიას თქმით, ეს არის თანხა, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების მიმდინარე წარმოების შესანარჩუნებლადაც.

"ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად, სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჰქონდა წლის დასაწყისში. მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვასთან ერთად შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ისევე როგორც ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს. ამ მიმართულებით უკვე მოვახდინეთ ბიუჯეტში 2 მლრდ ლარის მობილიზება და ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ ვითარებაში, რომ ამ დახმარების კიდევ მეტად გაზრდა დაგვჭირდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გამოყოფილ სახსრებს, რომელიც 351 მლნ ლარია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ჭარაია, ,,რეზონანსთან“ იმ მიმართულებებზე საუბრობს, რომელიც სახელმწიფოსათვის პრიორიტეტი უნდა იყოს. აუცილებელია დახმარება როგორს სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების, ასევე იმ ბიზნეს სუბიექტებისთვისაც უნდა გამოიყოს, რომლებმაც დიდი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს. 

"სექტორების მიხედვით თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში, სოფლის მეურნეობას უნდა დაუჭირონ მხარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ დარგს პირდაპირი ზიანი ნამდვილად არ მისდგომია კორონავირუსის შედეგად. ეს იქნება პროგრესზე ორიენტირებული მხარდაჭერა. რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც დაზარალდნენ, გარკვეული კრიტერიუმები უნდა მიუყენონ. აქედან ორია მნიშვნელოვანი: პირველი - რა მოცულობით დაზარალდა და რა შესაბამისი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ მათ, ვისაც მეტი ზარალი აქვს. მეორე - მხედველობაში მივიღოთ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა. იმ კომპანიებმა, რომლებმაც შეძლებისდაგვარად დიდი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საკუთარი თანამშრომლების მიმართ, მეტი დახმარებაც უნდა მიიღონ. 

ეკონომიკაში ჩაშვებული ორი მილიარდისა, შეიძლება არსებობდეს საგადასახადო შეღავათები, სადაც, ჩემი აზრით, სწორი იქნება, ზემოთ ჩამოთვლილი ორი კრიტერიუმით იხელმლძღვანელოს ხელისუფლებამ და განსაკუთრებული პირობები დაუწესდეთ მათ, ვინც შეძლო და საკუთარ თანამშრომლებს არ შეუჩერა ხელფასების გადახდა. აქაც არ უნდა იყოს შეღავათი ყველასათვის ერთნაირი. მაგალითისათვის, ასეთ კომპანიებს შეიძლება შეუმსუბუქდეს ან საერთოდ გაუუქმდეს საშემოსავლო გადასახადი, მაგრამ ეს თანხა არ უნდა იყოს კომპანიის აქტივებში და უნდა დარჩეს დასაქმებულთა სახელფასო ფონდში“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ჭარაიამ. 

მრეწველობის განვითარებას მიიჩნევს უმთავრეს პრიორიტეტად, ეკონომისტი, სანდრო თვალჭრელიძე. სწორედ ეს არის ეკონომიკური სტაბილურობის გარანტი როგორც პანდემიის დროს, ისევე ზოგადადაც. 

,,ალბათ ყველას ახსოვს, გახარიას სია, სადაც ჩამოწერილი იყო, რის იმპორტს ვახორციელებთ და რისი წარმოება შეგვიძლია. ის, რაც ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა გაჩერდეს და პირიქით, გააქტიურდეს, ეს ინფრასტრუქტურული პროექტებია და როგორმე თბილისი-ბათუმის მაგისტრალი უნდა დამთავრდეს დროულად. 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ეკონომიკის სიჯანსაღისთვის ადგილობრივ მრეწველობას მოხმარდეს სახსრები. დიდი ხანია ამას ვიმეორებ, ახლა კი ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად. რაც ადგილობრივ რესურსს ეფუძნება, უნდა განვითარდეს. სხვაგვარად არც პანდემიის შემდეგ და არც მანამდე, არ იქნება ეკონომიკური სტაბილურობა“, - განუცხადა ,,რეზონანსს“ თვალჭრელიძემ. 

სანამ გაირკვევა კონკრეტული დარგების მიხედვით, თუ როგორი იქნება დახმარება, ბიზნესისათვის მნიშვნელოვანი, რომ მასზე ხელისუფლება ზრუნავს. ასეთია, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. 

"როცა საუბარია 2 მლრდ ლარის მხარდაჭერასა და ინექციაზე, ეს სწორი და პოზიტიური სიგნალია ბიზნესისათვის. არის კომპანიები, რომლებსაც დღის წესრიგში უდგათ, განაგრძონ თუ არა მუშაობა. ასეთ დროს ძალიან სწორი მესიჯია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ზრუნავს ყველა დასაქმებულსა და კომპანიაზე და მხარს დაუჭერს მათ. არ ვიცით ჯერ ეს პირდაპირი სუბსიდირება იქნება, როგორც ტურიზმთან დაკავშირებით მოხდა, თუ სხვაგვარად, მაგრამ მთავარია, ვხედავთ, რომ სახელმწიფო ზრუნავს. 

ახლა მეორე ეტაპია, რომ დაიხვეწოს და დახარისხდეს ვისკენ მიიმართება ეს მხარდაჭერა. ჩემი აზრით, მთავარი მაინც სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. ახლა იმედი გაჩნდა და კონკრეტული პროექტების ეტაპზე გადასვლის დროს, ყველაფრის კარგად დანახვა და გააზრება იქნება საჭირო. ჩვენ ამ შემთხვევაში ახალი ველოსიპედის შექმნა არ დაგვჭირდება, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და ის უნდა გადმოვიტანოთ ეს. ამ ეტაპზე ყველაფერი უმნიშვნელოვანესია, მათ შორის, თითოეული თეთრის ისე დახარჯვა, რომ ეკონომიკური შედეგი მივიღოთ“- განაცხადა ვეფხვაძემ. 

გარდა ამისა, უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ჩაწერა სახელი